ხვალიდან რადიკალური ოპოზიცია „ბაკურიანის გეგმის“ შესრულებაზე გადადის, რაც არეულობის მოწყობას გულისხმობს – არავითარ რიგგარეშე არჩევნებს ჩვენ არ განვიხილავთ. – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
„რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შემდეგ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება დადგეს არა უკანა რიგებში, არამედ წინა რიგებში, ეცდება, რომ დაანონსოს უკვე თავისი დესტაბილიზაციის გეგმა. როდესაც 9 არჩევნები წააგეს და ხედავენ, რომ ახალი პოლიტიკური პარტიები გამოჩნდნენ პარლამენტსა და პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ისინი ხვდებიან, რომ დღეს მათთვის ყველაზე სასურველი მოკლე გზა, ეს არის დესტაბილიზაცია და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, რამენაირად ხელისუფლებაში დაბრუნება. ისინი ღიად ლაპარაკობენ, რომ ხვალინდელი აქცია პირდაპირ ემსახურება დესტაბილიზაციას, ძალადობრივი მოწოდებებიც იყო გაკეთებული. ხვალიდან უკვე, რადიკალური ოპოზიცია გადავა „ბაკურიანის გეგმის“ შესრულებაზე, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციის, არეულობის და არჩევნების გვერდის ავლის გეგმა, სხვა გეგმა და შანსი ამ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის.“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.