“შევქმენით ტრანსატლანტიკური საბჭო, რომელიც საერთო ეროვნულ საზოგადოებრივ მოძრაობას დაეხმარება” – ამის შესახებ 380 ქართველი ემიგრანტის მიმართვაშია საუბარი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წაიკითხეს.
მეგობრებო, ჩვენო დანო და ძმანო, დღეს საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით გადინებულ ქართველ ხალხთა რაოდენობა უპრეცენდენტოდ მაღალია. თითქმის ყოველ ოჯახს ერთი წევრი მაინც ჰყავს საზღვარგარეთ, მეტწილად დასავლეთის ქვეყნებში.
ქართული ემიგრაცია საქართველოს მოქალაქეთა იმ აქტიური, შრომისუნარიანი, ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსის დიდ ნაწილს შეადგენს, რომლისგანაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა იცლება. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, ეკონომიკური, სოციალური უთანასწორობის და სიდუხჭირის, თუ პოლიტიკური დევნის გამო, ჩვენი რიცხვი გაათმაგდა. თუმცა ჩვენი საფიქრალი და მთავარი სადარდებელი მაინც ჩვენს სამშობლოში მიმდინარე მოვლენები და ჩვენი სამშობლოს ბედია.
გვერწმუნეთ, ჩვენს დიდ უმრავლესობას, არაფერი ურჩევნია სამშობლოში ყოფნას და ახლა ამ წუთას თქვენ გვერდით ყოფნა დგომას. საქართველოს დღევანელი კრემლიდან მართული დამნაშავე ხელისუფლების მავნებლობამ, ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფამ და პირდაპირმა ღალატმა ჩვენი სამშობლოს განვითარების ერთადერთი სწორი გზიდან მიზანმიმართულმა გადახვევამ ჩვენი მომავალი თაობებისთვის საქართველოში ცხოვრების, თანამედროვე სამყაროს წევრობის ყველა პერსპექტივის წართმევამ ჩვენ გაგვაერთიანა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები და გადაგვაწყვეტინა უფრო აქტიურად, მთელი ჩვენს ხელთ არსებული რესურსით ჩავებათ ამ ისტორიულ პროცესში. ამოგიდგეთ მხარში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ქვეყნის გადარჩენაში. ჩვენი სამშობლოს კუთვნილ წიაღში, ევროპულ სივრცეში დაბრუნების საქმეში.
ამ მიზნით შევქმენით საქართველოს მოქალაქეთა ტრანსატლანტიკური საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ამერიკის ტერიტორიაზე, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, დაეხმარება თქვენს საერთო ეროვნულ საზოგადოებრივ მოძრაობას, – წერენ ემიგრანტები.