“ხელისუფლების გადადგომას უნდა მოჰყვეს ეროვნული თანხმობით დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება”

პარტია “დროა” პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას მხარდაჭერას უცხადებს.

პარტიის ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა და ქვეყნის შიგნით არსებული წინააღმდეგობის მოძრაობა, საქართველოს აუცილებლად წაიყვანს დეოლიგარქიზაციისა და ევროპული მომავლისკენ.

“დეოლიგარქიზაციას სჭირდება კონკრეტული გეგმა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ სახალხო მოძრაობისგან და რომელსაც აღვუთქვამთ სრულ მხარდაჭერას. ეს არის პირველი ნაბიჯი, მოთხოვნა ხელისუფლების, მთავრობის გადადგომის. ღარიბაშვილის და იმ გუნდის, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყანა. არავის აქვს ილუზია, რომ მხოლოდ მთავრობის გადადგომა არის დეოლიგარქიზაციის დასასრული. ამას უნდა მოჰყვეს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ინსტრუმენტი იმ ვალდებულებების შესრულების, რომელიც ჩვენ მკაფიოდ დაგვისახა ევროკავშირმა და ასევე, რა თქმა უნდა ამ 12 პუნქტის ნაწილია სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა, იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლიანი არჩევნები. ეს არის მკაფიო გეგმა. ეს ორი პროცესი – გარედან ზეწოლა დემოკრატიისთვის, ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის სანქცირება ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის, შიგნიდან ასეთი მწყობრი და ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობა, აუცილებლად მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციისკენ და ევროპული მომავლისკენ”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

“გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი” – მოთხოვნა გუშინ, 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებმა წააყენეს. მათ ბიძინა ივანიშვილს 1-კვირიანი ვადა მისცეს.

მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ევროსაბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – არა. ევროსაბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მიღებამდე საქართველოსგან წინაპირობების შესრულება მოითხოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share