გაერო: “წელს მსოფლიოში შიმშილის რეალური რისკია”

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანტონიო გუტიერესის თანახმად, წელს მსოფლიოში შიმშილის რეალური რისკია. გუტიერესი მინისტრებს მოუწოდებს, გამართონ შეხვედრა სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები, რათა ბაზარი დასტაბილურდეს და შემცირდეს სამომხმარებლო ფასების მერყეობის მაღალი დონე. ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.

„ჩვენ უპრეცედენტო გლობალური შიმშილის წინაშე ვართ. ომმა უკრაინაში გაამძაფრა პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში მწიფდებოდა: კლიმატური პირობები, კორონავირუსის პანდემია და არათანაბარი აღდგენის პროცესი“, – ამბობს გუტიერესი.

საკვების ინტეგრირებული უსაფრთხოების ფაზის კლასიფიკაციის ინდექსით (IPC), რომელსაც გარეოს სააგენტოები იყენებენ სასურსათო უსაფრთხოების გასაზომად, 34 ქვეყანაში მილიონობით ადამიანია შიმშილობის ზღვარზე.

„რეალური რისკია, რომ 2022 წელს რამდენიმე შიმშილობა გამოცხადდეს. 2023 წელი კი უარესი იქნება“, – თქვა გუტიერესმა.

გაეროს ხელმძღვანელის თანახმად, ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია მანამ, სანამ უკრაინა და რუსეთი, რომლებზეც ხორბლის გლობალური ექსპორტის 29% მოდის, ვაჭრობის გასაგრძელებლად გზას არ მონახავენ.

უკრაინის პორტები რუსეთის მიერ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ დაბლოკილია. მოსკოვში გარკვეული სანქციების მოხსნას ითხოვენ და ამის შემდეგ განაახლებენ მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს. გაერო და თურქეთი რუსეთთან შეთანხმების მიღწევაზე მუშაობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share