რუსეთის გამო, ევროპაში ქვანახშირის ელექტროსადგურებს უბრუნდებიან

რუსეთიდან გაზის მიწოდების სამომავლოდ კიდევ უფრო შეზღუდვის საფრთხის შედეგად, ევროპის გარკვეული ქვეყნები საკუთარ ენერგომოთხოვნილებებს ვერ ან რთულად თუ იკმაყოფილებენ.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ქვეყნებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა, ზამთრისთვის რუსეთმა რეგიონს გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტოს და ამისთვის ისინი მზად უნდა დახვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ეს ნაკლებად სავარაუდო იყოს, მაგიდაზე ამგვარი სცენარიც დევს.

წელიწადის ყველაზე ცივ სეზონს რომ მზადყოფნაში შეხვდნენ, ამისთვის ევროპაში წიაღისეულ საწვავებს უბრუნდებიან და ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების ხელახლა ამუშავებისთვის ემზადებიან.

გასულ კვირაში რუსეთმა მილსადენ Nord Stream 1-ით გაზის მიწოდება 60%-ით შეამცირა. ამ ქმედებაზე საპასუხოდ, წინა შაბათს, გერმანიამ და ავსტრიამ დააანონსეს ქვანახშირის სადგურების გადაუდებელი აუცილებლობის მიზნით ხელახლა ამუშავება. ორშაბათს კი ნიდერლანდებმა მოხსნა შეზღუდვები ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე. იმავეს გეგმავს იტალიაც ახლო მომავალში.

ქვანახშირთან დაბრუნება ევროპის დეკარბონიზაციის გეგმას აფერხებს – კონტინენტზე წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურების სრულად ჩანაცვლებას ისახავენ მიზნად, რადგან ქვანახშირი გარემოსთვის ყველაზე დამაბინძურებელ საწვავად ითვლება.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, არ მიუბრუნდნენ ქვანახშირის სადგურებს და სანაცვლოდ განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტირებაზე მაქსიმალურად ფოკუსირდნენ.

IEA-ის ახალი ანგარიშის თანახმად, წლის ბოლომდე ენერგეტიკის სექტორში 2.3 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება – რეკორდული წილი კი განახლებად ენერგიებზე დაიხარჯება.

ამჟამად ევროპაში ქვანახშირზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყანა პოლონეთია, თუმცა, გასულ წელს ენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების წილი 6.9%-დან 16.9%-მდე გაიზარდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share