ხუხაშვილი ივანიშვილზე: მისივე გაფუჭებულის გამოსწორების იძულება შემდგომი ჩამოშორებით

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სისტემური ცვლილებების და განვითარების სწორ გზაზე ქვეყნის მშვიდობიანად დაბრუნების გარანტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიდან გამოყვანა იქნება.

“მკურნალობის დაწყება არა დაავადების წყაროდან, არამედ იმ ორგანოებიდან, რომელზეც წყაროს გამო მიიღე გართულებები, უშედეგოა. კაპიტულაციის პირობებზე უნდა ესაუბრო იმას, ვინც უფლებამოსილია ხელი მოაწეროს შესაბამის აქტს, ანუ მხოლოდ ერთადერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს.
იმით, რომ მიუხედავად მისი როლის იდენტიფიცირებისა, მოძრაობა მას არ განიხილავს პროცესის სუბიექტად, თითქოს ის რაღაც აბსტრაქციაა და თითქოს თავისით გაქრება და აორთქლდება, მხოლოდ აძლიერებს მისი უძლეველობის მითოლოგიას და უტოვებს მანევრს, საჭიროების შემთხვევაში “განტევევის ვაცების” შეწირვით შემოიფარგლოს. მცდარი და მიამიტი გაგებაა, რომ თუ მისი კონკრეტული ხელისბიჭები წავლენ, ისიც გაქრება. მხოლოდ მისი ჩრდილიდან გამოყვანა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა, თავისივე გაფუჭებულის გამოსწორების იძულება გარდამავალ ეტაპზე, შემდგომი ჩამოშორებით, იქნება ქვეყანაში სისტემური ცვლილებების და მისი განვითარების სწორ გზაზე მშვიდობიანად დაბრუნების გარანტი”, – წერს ხუხაშვილი Facebook-ზე.

ამასთან, ხუხაშვილი ხაზს უსვამს, რომ მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ პირობები დაუთქვა.

“ცალსახად მივესალმები და მხარს ვუჭერ სამოქალაქო საზოგადოების მცდელობას, წარმართოს პირდაპირი დემოკრატიული პროცესი ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, გარდამტეხი მიზნებით და ამოცანებით. ამიტომ, არ მინდა ეს სანთელი, რომელიც აინთო, ისევე ჩაქრეს, როგორც ეს მრავალჯერ მომხდარა. ცვლილებების დიდი იმედი, რომელიც გაჩნდა , ახლა მაინც არ უნდა გადაიზარდოს დიდ უიმედობაში”, – წერს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share