ძალოვნები შსს-ს მასობრივად ტოვებენ – დაბალი ანაზღაურების გარდა, სამსახურიდან წასვლის მთავარი მიზეზი, ის პოლიტიკური დავალებებია, რომლის შესრულება, პოლიციის ახალბედა და სტაჟიანი კადრებისთვის ერთნაირად მიუღებელია.
კადრების გადინებამ სამინისტროს ყველა რგოლი და ყველა დეპარტამენტი მოიცვა, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, რომელიც მხოლოდ ბოლო ერთ თვეში, ათობით გამოცდილი ძალოვანის გარეშე დარჩა.
14 წელი ქვეყნის სამსახურში პოლიციელ გიორგი გეგენავას არ დაუფასეს, ზუგდიდის პოლიციის სტაჟიანი თანამშრომელი ახლა პოლონეთის დედაქალაქში ტაქსის მძღოლია, უმძიმესი გადაწყვეტილება პოლიციელმა მას შემდეგ მიიღო რაც ხელფასის ნაცვლად პარტიული დავალებები გაუზარდეს, ამიტომ გეგენავამ ავადმყოფი ბებია დატოვა და ემიგრაციაში ოჯახის დასახმარებლად წავიდა.
ის ერთ-ერთია იმ 29 პოლიციელიდან რომელმაც ზუგდიდის პოლიცია გასულ სამ თვეში დატოვა, 29 -ვე ახლა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია და მძიმე შრომის ფასად საქართველოში ოჯახებს ინახავს,
ზუგდიდში კამერებთან ღიად არ ჩნდებიან, თუმცა პირად საუბრებში ჰყვებიან, რომ პოლიციაში გაჩერება შეუძლებელია, მხოლოდ გასულ თვეში პოლიცია ერთდროულად 12 -მა თანამშრომელმა დატოვა, პატაკის დაწერიდან 1 კვირაში კი თორმეტივე ემიგრაციაში წავიდა.
შსს მალავს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის 3 თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის ამბავს. ალეკო ქურციკიძე, გიორგი აბაშიძე და ლაშა გაბეჩავა სამსახურიდან გასულ კვირას წავიდნენ.
“მთავარ არხს” წყარო უყვება, რომ უკიდურეს ნაბიჯზე პოლიციელები მას შემდეგ წავიდნენ რაც პარტიამ მათი შავ საქმეებში გარევა სცადა, წყაროს თქმით სწორედ ამ სამმა პოლიციელმა დააკავა კონტრაბანდის გადატანისას წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე, რაც მათ პარტიამ არ აპატია. ამ ამბის დამალვას დღეს მთელი ძველი თბილისის პოლიცია ცდილობდა.
კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის გარდა გომელაურის უწყებას ტოვებენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტშიც – რუსთავის გდდ 38 – მა გამოცდილმა ძალოვანმა დატოვა, სპეცრაზმელების წასვლას რუსთავში ადასტურებენ.
მთავარი არხი