ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილი ეზიზღება 2011 წლიდან, როდესაც ის გამოჩნდა პოლიტიკურ სივრცეში და ხელისუფლებიდან ჩამოაცილა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, კახა კახიშვილმა “იმედის” ეთერში ისაუბრა.
კახიშვილის განმარტებით, 2011 წლის შემდეგ “წვიმა მოდის – ბიძინას ბრალია, მზე კარგად არ აცხუნებს – ბიძინას ბრალია, თოვლი წამოვიდა – ბიძინას ბრალია, მილი გაიჭედა – ბიძინას ბრალია”
“სხვათა შორის, სამი ქვეყნის მიმართ არის დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა. თუ ჩვენ დავითვლით რეალური ოლიგარქების რაოდენობას ამ სამ ქვეყანაში, მინდა გითხრათ, რომ საქართველო ბოლო ადგილზე იქნება, ეს ერთი. მეორე – რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია და რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, იმიტომ, რომ ფული აქვს და ხელისუფლებაში მოვიდა? გავლენა აქვს იმიტომ, რომ იყო პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, ჰქონდა გავლენა. ეგრე ბატონ ზელენსკის მილიარდ-ნახევარი აქვს ანგარიშზე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ბიზნესი ჰქონდა და ახლა პრეზიდენტია. პოროშენკო მილიარდერი იყო სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა და იცით რამხელა საწარმოებს ფლობდა, რა იყო, ოლიგარქია? არც ერთი არ არის ოლიგარქი, არც მეორე არ არის ოლიგარქი და არც ბიძინა ივანიშვილია ოლიგარქი. მათ აქვთ დეკლარირებული შემოსავლები და დეკლარირებული ფულით მოვიდნენ” ,- თქვა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის ერთ-ერთ მთავარ პუნქტად დეოლიგარქიზაცია დაასახელა.