ბაიდენმა იარაღის კონტროლის გამკაცრების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა იარაღის კონტროლის კანონპროექტს, რომელზედაც, ექსპერტთა შეფასებით, კონგრესში თანხმობის მიღწევა მასობრივი სროლების სერიამდე წარმოუდგენელი ჩანდა.

კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით მიიღეს. ბაიდენის თქმით, კომპრომისის გამო გათვალისწინებული არ არის ყველაფერი ის, რაც თავად სურდა, თუმცა, მისი განმარტებით, ხელმოწერილი კანონი “მრავალ სიცოცხლეს გადაარჩენს”.

ახალი კანონმდებლობით, გამკაცრდება 18-დან 21 წლამდე იარაღის მყიდველების შემოწმება, 5 წლით აიკრძალება იარაღის მიყიდვა იმ პირებზე, რომლებიც ოჯახური ძალადობის გამო ნასამართლევი არიან. ამასთანავე, გაამარტივებდა იარაღის ჩამორთმევა. ასევე, კანონპროექტით, გამოიყო $13 მილიონი, რომელიც ძირითადად ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამებსა და მასობრივი სროლების გამოცდილების მქონე სკოლებს მოხმარდებათ.

მანამდე, უზენაესმა სასამართლომ ნიუ-იორკის შტატში მოკლელულიანი იარაღის ტარებაზე არსებული შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო. მოსამართლეების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ამერიკელებს აქვთ უფლებათავდაცვის მიზნით, სახლს გარეთ, მოკლელულიანი იარაღი ატარონ და შტატის აქამდე არსებული შეზღუდვა გადაჭარბებული იყო.

გასულ თვეს ტეხასის დაწყებით სკოლაში მასობრივი სროლის შედეგად 20 ბავშვი და 1 მასწავლებელი დაიღუპა. ასევე, რამდენიმე დღეში ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად მოკლული მასწავლებლის, ირმა გარსიას ქმარი, ჯო გარსია ცოლის ტრაგიკული სიკვდილიდან 2 დღეში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის თქმით, თავდამსხმელი 18 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო. სკოლა მდებარეობს ქალაქ უვალდეში, რომელიც ამერიკის სიდიდით მეშვიდე ქალაქიდან, სან ანტონიოდან დაახლოებით 133 კილომეტრითაა დაშორებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share