მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა. გუშინ ის გიული ალასანიამ მოინახულა. მესამე პრეზიდენტის დედის შეფასებით, ახლა საჩქარო და ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დაიდოს დასკვნა, რომ გადაწყდეს, როგორ გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა.
მესამე პრეზიდენტს დედამ ბრიუსელიდან მხარდამჭერი გზავნილიც გააცნო. გიული ალასანია ამბობს, რომ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ფიქრობენ რომ მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა და შესაბამისი მკურნალობა უნდა მოხდეს.
“ჯანმრთელობა იგივეა, სისუსტე, საკვების მიუღებლობა ადგილზეა. პრობლემა ის არის, რომ სამედიცინო დასკვნა ძალიან ჭიანურდება, ხომ უნდა დაიდოს ბოლოსდაბოლოს, რომლის საფუძველზეც შეიძლება რაღაცაზე მსჯელობა. შემდგომი ნაბიჯი, რასაც ვითხოვდით თავიდან გადაყვანას, გადავადებას, ამაზეა დაფუძნებული. ბრიუსელიდან ძალიან კეთილგანწყობილი არიან, გულშემატკივრობენ, ფიქრობენ, რომ ეს ადამიანი აქ არ უნდა იყოს, უნდა იყოს ნორმალურ კლინიკაში, სადაც ჩაუტარდება ნორმალური გამოკვლევა”, – თქვა გიული ალასანიამ.
ცენტრ “ემპათიის” ექიმებმა მესამე პრეზიდენტი 1-ელ და 13 ივნისს მოინახულეს. ექიმების შეფასებით ამ დრომდე ჩატარებული მკურნალობა არ არის სრულყოფილი და ის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე არ ასახულა. მათივე თქმით, აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. საბოლოო დასკვნას ექიმები მიმდინარე კვირაში გაავრცელებენ.