გია მამაკაიშვილს პავლე ჭყონია შეცვლის, ჭყონიას – გია ჩაგანავა

ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით მიწების დატაცებასთან დაკავშირებით აგორებული სკანდალის გამო, თანამდებობიდან გადამდგარი მაშინდელი ოზურგეთის საფინანსო სამსახურის უფროსი, გია ჩაგანავა თანამდებობას უბრუნდება.

ჩაგანავა ოზურგეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე იქნება  და ამ სამსახურში საბიუჯეტო განყოფილებას უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ, გურიის მოამბეს ოზურგეთის მერიიდან არაოფიციალურად აცნობეს.

ჩაგანავა,  პავლე ჭყონიას ადგილს დაიკავებს, თავად პავლე ჭყონია კი, უფროსის თანამდებობაზე გია მამაკაიშვილს შეცვლის.

მამაკაიშვილმა თანამდებობა ამ დღეებში დატოვა და ის, ოზურგეთის კულტურის ცენტრის დირექტორის, კობა ბანძელაძის თანაშემწე გახდა,  ფინანსურ დარგში.

თუ რამ გამოიწვია აღნიშნული ცვლილებები, ამის შესახებ,ოზურგეთის მერიაში, ოფიციალურად არ საუბრობენ.

რაც შეეხება ჩაგანავას, “ნაციონალური მოძრაობი”-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, დღეს “ქართული ოცნების” აქტივისტია.

გასული წლის ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ის ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი იყო, მმართველი პარტიიდან ლაითური-ნარუჯას მაჟორიტარულ ოლქში,  თუმცა, მხოლოდ, მეორე ტურში გადასვლა შეძლო. იქ კი, მთავარი ოპოზიციური ძალის,ნაციონალების წარმომადგენელთან, რაინდი დუმბაძესთან დამარცხდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share