მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი ამ ეტაპზე დროის გაყვანა და პროტესტის განელებაა. მისი აზრით, საქართველოს მოქალაქეებმა და პოლიტიკურმა სპექტრმა თანმიმდევრულად უნდა იმოქმედონ, რომ ევროპული პერსპექტივისთვის გაერთიანებულმა პროტეტმა მიზანს მიაღწიოს:
”ამ პროცესში, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით უნდა დასრულდეს საქართველოსთვის, ყველა მოქალაქეს თავისი პასუხისმგებლობის წილი აქვს.
ჩვენი მიზანია – საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
ხელისუფლების მიზანია – არაფერი გააკეთოს ამ მიმართულებით, დაელოდოს მოლოდინით აღსავსე პროტესტის განლევას და ისევ ისე გაგვაცუროს და “გადაგვაგდოს”, როგორც აქამდე სჩვეოდა.
ჩვენ არ ვენდობით ამ ხელისუფლებას, რადგან მათ რომ რამის გაკეთება ნდომებოდათ ამ მიმართულებით, ახლაც, უკვე ამ დღეებშიც გადადგამდნენ კონკრეტულ ნაბიჯებს. მაგრამ, ვხედავთ, არ დგამენ. ძალაუფლება კი მათ ხელშია. ვინმე უშლით, რომ პრაქტიკული ნაბიჯები გადადგან ევროკავშირის გზაზე? არა.
მათი ერთადერთი ინსტინქტი ოლიგარქისთვის (და შესაბამისად საკუთარი თავებისთვის) ძალაუფლებისა და გავლენის შენარჩუნებაა – საქართველოს ევროპული პერსპექტივის საზიანოდ. ახლა ისინი მხოლოდ ამას ელიან – როდის დაიღლებიან მოქალაქეები…
მოქალაქეები კი შესაძლოა დაიღალონ, თუკი მათთვის ცხადი არ იქნება, საით და როგორ მივდივართ. აქ კი მარტივი პასუხია: არც ერთი გეგმა, არც ერთი სტრატეგია არ იქნება ეფექტური, თუკი ამ პროცესში ინდივიდუალურად – ბევრნი – არ ვიქნებით ჩართული.
20 ივნისს 160 000 ადამიანამდე იყო გამოსული.
ევროკავშირის მომხრე საქართველოს მოსახლეობის 85% -ია. ესე იგი, უმრავლესობა ამ დიდი მიზნის აღსრულების მოლოდინში ვართ და ყველა რომც არ ესწრებოდეს რომელიმე აქციას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმრავლესობა ამ მიზნის მიღწევას არ ელის.
დრო კი ცოტა გვაქვს: 6 თვე.
ამიტომ – ათენის არეოპაგის პრინციპით
– თუკი ვამბობთ, რომ სადმე საჭიროა ყოფნა ფიზიკურად, ინტელექტუალურად, ემოციურად ან სხვ. – ჩვენც იქ უნდა ვიყოთ და არ უნდა დავიზაროთ. რადგან ევროკავშირის გზას ახლა ჩვენ ვიცავთ – ხალხი.
მგონი ყველასთვის ცხადია, რომ ეს არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, არამედ ბრძოლაა საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის, ჩვენი კეთილდღეობისა და დაცულობისთვის. მით უმეტეს, ამ დიდი ისტორიული ცვლილებების დროს.
ჩემი აზრით, არც მედასავლეთე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უნდა იყვნენ “მოლოდინის” რეჟიმში, ისინიც ხალხის ნაწილია, მაგრამ მათ თავიანთი სამოღვაწეო სფერო აქვთ და ყველა იმ პლატფორმაზე უნდა იმუშავონ, სადაც კი საქართველოს დაცვა და დეოლიგარქიზაციის პროცესის აჩქარებაა შესაძლებელი: ბრუსელი იქნება ეს თუ სხვა დიდი პოლიტიკური დედაქალაქი. დაანახეთ ხალხს, რა სიკეთეები მოყვება ევროკავშირს, და თქვენი მხრივ მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ დაყვეს ხალხის ნებას. ხალხია ახლა ამ პროცესში დომინანტი, მაგრამ თქვენ თქვენი საქმე გაქვთ და ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანია.
უნდა გავითვალისწინოთ ყველა ძველი შეცდომა, რომელიც საშუალებას აძლევდა ოლიგარქიას, რომ გავეცურებინეთ.
ოლიგარქ ივანიშვილს ბევრი მთავრობა ყავდა და ყველა ეს მთავრობა დიდ პოლიტიკურ კრიზისებს უქმნიდა ამ ქვეყანას, მაგრამ მისი ბოლო, ღარიბაშვილის მთავრობა, უკვე დიდ ისტორიულ კრიზისს უქმნის ჩვენს სამშობლოს. ნდობის ლიმიტი მინიმუმს ქვევით არის დასული. მით უმეტეს, რომ ვხედავთ – ახლაც კი არაფერს აკეთებენ, რათა ევროკავშირის მიმართულებით გადადგან პრაქტიკული ნაბიჯი… ვითომ არც არსებობდეს ევროკავშირის რეკომენდაციები.
ამიტომ ნაბიჯი ჩვენ უნდა გადავდგათ. ყველამ. და ყველა გეგმა იქნება ეფექტური, თუკი ერთობა იქნება მასშტაბური და თანმიმდევრული – რომ საქართველო გადარჩეს ევროკავშირში!“– წერს ლაშა ბუღაძე.