კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად არახამიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში.
გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ დავით არახამია საქართველოს მტერია და მის განცხადებებს ცილისმწამებლურს უწოდებს:
„ყველა! ვინც ამ საქართველოს მტრის და ბოროტმოქმედის არახამიას ცილისწამებებს იზიარებს და ავრცელებს, ჩვენი სამშობლოს მოძულე და გამყიდველია! ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ!“, – წერს კინორეჟისორი ტვიტერზე.
ცნობისთვის, უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით არახამიამ ტელეგრამარხზე დაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში.
როგორც არახამია აცხადებს, ის იმ ქართველი მინისტრების და დეპუტატების საბანკო ანგარიშების გამოქვეყნებას გეგმავს, რომელთა გარშემო, მისი თქმით, საეჭვო ფული ბრუნავს.
„საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. როდესაც ეს ინფორმაცია ამერიკისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ქართველი ჩინოვნიკებისგან მოვისმინეთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ჩნდება ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ჩემს სიტყვებს. საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება. და, რა თქმა უნდა, ცნობილი გახდება ივანიშვილის კადრები, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში“, – წერს დავით არახამია.