ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, ადამიანის ორგანიზმში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცალკეული კვლევების თანახმად, ვირუსი პაციენტის ორგანიზმში გარკვეულ ნეგატიურ შედეგებს ტოვებს.
„არის ვარაუდი, რომ განკურნების შემდეგ, კორონავირუსი ორგანიზმში გრძელვადიან უკუშედეგებს ტოვებს. ახლახან გაჟღერდა ტერმინი „ლონგ კოვიდი“, ანუ გახანგრძლივებული კოვიდი, როდესაც ავადმყოფი გამოჯანმრთელდება, გაეწერება, ვირუსი აღარ აქვს, მაგრამ სიმპტომები უგრძელდება. განსაკუთრებით – ხველა, თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, სახსრების, კუნთების ტკივილი, დიარეა. ეს, შეიძლება, გაგრძელდეს დღეები, კვირები, თვეები. ამას ჰქვია გახანგრძლივებული კოვიდი. საბედნიეროდ, ჩვენთან, საქართველოში ასეთი შემთხვევები არ არის ან იმდენად ცოტაა, რომ ისინი არ მოდიან ჩვენთან. არის მეორე ვარიანტიც: როცა ჩივილები აღარ აქვს, მაგრამ საკონტროლო გამოკვლევაზე თუ მოვიდა 3 თვის, 6 თვის, ერთი წლის შემდეგ, მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ჩანს გარკვეული ცვლილებები ფილტვებში. მაგალითად, ფიბროზული ცვლილებები რჩება ან იყოს დარჩენილი გულის კუნთის დაზიანება, ან – თავის ტვინში. ცალკეული კვლევებით ამბობენ, რომ ეს ასე ხდება და კოვიდი, ხშირ შემთხვევაში, მთლად უკვალოდ არ გადის და რაღაც კვალს ტოვებს. ეს ასეა თუ არა, ჯერ არავინ იცის, რადგან ასეთი კვლევები ძალიან ცოტა იყო. ამიტომ არ ღირს ამ საკითხზე ისეთი განცხადებების გაკეთება, რამაც, შეიძლება, გამოიწვიოს გარკვეული შეშფოთება. ჯერჯერობით, მაინც ითვლება, რომ კოვიდგადატანილი პაციენტი ჯანმრთელია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, გარდაიცვალა 93 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5 590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.