სასამართლო კლანისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი გავლენები – საქართველოს სახალხო დამცველი ამ სიტყვებით გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის ხელმეორედ დანიშვნის ფაქტს.
ომბუდსმენს მიაჩნია, რომ სწორედ ასეთი კლანური მმართველობის გამო ეთქვა უარი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე.
”სასამართლო სისტემაში არსებული კლანის წევრებს არ აქვთ გათვითცნობიერებული, რაზე არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ მათი ამ ტიპის გადაწყვეტილებებისა და კლანური მმართველობის გამო, საქართველოს ცოტა ხნის წინ უარი ეთქვა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებაზე.
მათთვის მნიშვნელოვანია საკუთარი პირადი, პერსონალური ინტერესები, გავლენები და ის უპირატესობები, რაც ამ კლანურ გავლენას მოაქვს მათთვის სასამართლო სისტემაში – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.