“საიდუმლო არაა, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება და ზოგადად, საქართველოში მიმდინარე მოვლენები დიდწილად დამოკიდებულია ერთ ადამიანზე და ეს ბიძინა ივანიშვილია” – ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა “ამერიკის ხმას” ინტერვიუ მისცა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.
კუბილიუსი ამბობს, რომ ეს ტენდენცია ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის საქართველოს და ბევრ წინააღმდეგობას უქმნის.
“ვფიქრობ საიდუმლო არაა, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება და ზოგადად, საქართველოში მიმდინარე მოვლენები დიდწილად დამოკიდებულია ერთ ადამიანზე და ეს ბიძინა ივანიშვილია. ასეთი ტენდენცია ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის საქართველოს და ბევრ წინააღმდეგობას უქმნის იმისთვის, რომ წინ წავიდეს და გახდეს ნორმალური, საშუალო ევროპული ქვეყანა. ვერცერთ ევროპულ, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ვერ ნახავთ ერთი, მდიდარი ადამიანის გავლენას, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური სტრუქტურა შექმნა. ასეთი წყობა და მოვლენების განვითარება არ არის და ვერც იქნება დემოკრატიის ისეთი ფორმა, რომელიც კოპენჰაგენის კრიტერიუმებს შეესაბამება.
სწორედ ასეთი გავლენისა და ასევე იმის გამო, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ზოგიერთ რუს ოლიგარქს შორის შესაძლოა არსებობდეს ურთიერთობა, ევროპარლამენტმა და მისმა რეზოლუციამ წამოჭრა საკითხი, ხომ არ უნდა დაედოს მას სანქცია ასეთი ქმედებებისთვის.
კიდევ ერთხელ, ამაში არაფერია განსაკუთრებული. სულ ცოტა ხნის წინ, ამერიკამ სანქციები დაადო ლატვიელ ოლიგარქს და რამდენიმე პირს ევროკავშირის შიგნით. სწორედ ესაა გზა, რითიც სხვა ქვეყნები ცდილობენ დაეხმარონ სამოქალაქო საზოგადოებას და ზოგადად, ერებს, სადაც ოლიგარქების მძიმე გავლენაა.”,- ამბობს კუბილიუსი.