“ვიზუალურად ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა” | მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა მოინახულეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა “ვივამედში” უფლებადამცველებმა მოინახულეს.

როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

მისი თქმით, პოლიტიკური პატიმრობა აუცილებლად უნდა დასრულდეს, რადგან ეს არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტის უფლებების შელახვა, არამედ ქვეყნის წინაშე არსებული დიდი პრობლემაა.

“ვიზუალურად ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ამასთან დაკავშირებით მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ ძალიან მაღალი კომპეტენციის ექიმებისგან გვესმოდა შეფასებები და როგორც იცით, ველოდებით დასკვნას უახლოეს პერიოდში. ვიზუალური თვალსაზრისით, ძალიან მძიმედ გამოიყურებოდა პრეზიდენტი და ის პოლიტიკური პატიმრობა, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ ხნის მანძილზე, აუცილებლად უნდა დასრულდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრობისთვის საქართველოს პრეზიდენტი ამ მდგომარეობაში, როგორშიც იმყოფება, ეს არის არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისთვის მისი უფლებების შელახვა და დარღვევა, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში”, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ. 

უფლებადამცველმა, შოთა თუთბერიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან წუხს იმ ვითარების გამო, რომელშიც ქვეყანა “ოცნების” კრიმინალური ქმედებების გამო აღმოჩნდა და მიიჩნევს, რომ ამისთვის ქართველმა ხალხმა ფასი არ უნდა გადაიხადოს.

“ჩვენ პრინციპში უკვე ვემზადებით მათ შორის როგორც სასამართლო პროცესებისთვის, შემდეგი არის დანიშნული 11 ივლისს, ასევე, ბუნებრივია, პრეზიდენტი ძალიან წუხს იმ პრობლემების გამო, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს აქვს ამჯერად შექმნილი ხელისუფლების წმინდად კრიმინალური მოქმედებების გამო და მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ შეცდომებისთვის ფასის გადახდას”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share