ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულად დარჩება მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანოში პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელბი შევლენ.
როგორც ნაციონალურ მოძრაობაში განმარტავენ, ქართველი ხალხის დაკვეთის უგულვებელყოფა, არავის გამოუვა და ამომრჩეველი მიაღწევს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მათი არჩევანი დაცული იყოს.
“ქართულმა ოცნებამ გააყალბა არჩევნები, ახლა ცდილობენ პოლიტიკური რეალობის გაყალბებას. პატრიოტთა ალიანსის რამდენიმე ფულიანი დეპუტატის შეყვანით, პოლიტიკური რეალობა არ იცვლება. ეს პარლამენტი დარჩება ერთპარტიულად” – ამბობს “ნიუპოსტთან” ლევან ბეჟაშვილი.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციიდან, პატრიოტთა ალიანსის გარდა, კიდევ ვინმეს ვიხილავთ საკანონმდებლო ორგანოში, მხოლოდ ჭორაობაა და არაფერი სხვა.
“ოპოზიციური პარტიების ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ესაა ქართველი ამომრჩევლის დაკვეთა. ოპოზიციის ერთობითაა მხოლოდ მათთვის მოპარული არჩევნების დაბრუნება შესაძლებელი. შესაბამისად, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება ახალ არჩევნებთან და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთამ დაკავშირებით, ვინარჩუნებთ პოზიციას პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით.”- განაცხადა ოპოზიციონერმა.