ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი…ხელი მომიქნია, სახეში მომხვდა – ვატო წერეთელი

ვატო წერეთლის ინფორმაციით, მას არამხოლოდ ანრი ოხანაშვილი, ქართული ოცნების სხვა დეპუტატებიც გაუსწორდნენ. მან გადაცემა რეაქციაში დაასახელა ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარიასა და მგალობლიშვილის გვარები.

წერეთელი ამბობს, რომ ყველაფერი წამებში მოხდა, ისე რომ მიზეზის გარკვევაც ვერ შეძლო.

“მონა ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხომ თავი უნდა მოიკლა. რაღაცებს მიყვიროდა. მერე ხელი მომქნია სახეში, მერე სანამ აზრზე მოვედი მეორემ გამწია და მეორემ მოიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ეს ლაჩრები. ელჩი იყო ალბათ 50 მეტრში, სავარაუდოდ” ამბობს წერეთელი.

კრიტიკული მედიის დამფუძნებელი აშშ-ს საელჩოსგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს ვიდეოჩანაწერები. როგორც ის ამბობს, მოთხოვნა პირადად კელი დეგნანსაც გადასცა. წერეთლის თქმით, ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს:

აქ საგიჟეთია… ამ ქვეყანაში კი არა, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. ეს ხდება ამერიკის საელჩოს ეზოში, სადაც იყო მოწვეული 200 ან 300 სტუმარი.

შოკში ვარ, ეგეთი რამე არ ვიცი. წარმოგიდგენიათ, ეს რომ აშშ-ის საელჩოს ეზოში ხდება, გარეთ რა ხდება?! მივმართავ კელი დეგნანს, საელჩოს ტერიტორიაზე გამისწორდნენ ფიზიკურად, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები,  მიეცით მედიას კადრები, როგორ უსწორდებიან ქართული ოცნების დეპუტატები ადამიანს” ამბობს წერეთელი. 

ვატო წერეთელს აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაესხნენ თავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share