იაპონიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული კერძი – შქმერულით იაპონიის სწრაფი მომზადების კერძების უდიდესი მწარმოებელი, კომპანია NISSIN დაინტერესდა. მათივე ინფორმაციით, აქტიური თანამშრომლობის შემდეგ შქმერულის ნახევარფაბრიკატი 50 ათასამდე მაღაზიაში გაიყიდება.
“NISSIN-ისა და Matsuya Foods-ის თანამშრომლობით შქმერულის ნახევარფაბრიკატი შეიქმნა, რომელიც მთელი იაპონიის მასშტაბით თითქმის ყველა წამყვან ქსელში (საერთო ჯამში 50 ათასამდე მაღაზია) გაიყიდება”, – წერია განცხადებაში.
საელჩო აცხადებს, რომ თანამშრომლობის შედეგად, პროდუქტის შეფუთვაზე მაქსიმალურად იქნება ხაზგასმული შქმერულის ქართული წარმოშობა და დატანილი იქნება ქართული დროშა. ამავე დროს, Matsuya Foods-ის პოსტერზე, კერძის აღწერაში ხაზგასმული იქნება, რომ შქმერულის სამშობლო მდიდარი ბუნებით, ქვევრის ღვინითა და გემრიელი სამზარეულოთი არის ცნობილი.
კომპანია NISSIN-ის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ ამ პროდუქტის მეშვეობით შქმერული იაპონელთა ყოველდღიურ რაციონში დაიმკვიდრებს ადგილს, რაც უპრეცედენტოდ გაზრდის იაპონიაში საქართველოს ცნობადობას.