„ეს არის ძალიან სახიფათო მოვლენა, რომელსაც შეიძლება ჯაჭვისებური რეაქცია მოჰყვეს“, – ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ პლატფორმის დამფუძნებელმა, თავდაცვის ექსმინისტრმა თინა ხიდაშელმა მმართველი პარტიის წევრ ანრი ოხანაშვილსა და „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს ყველა მოვლენა ერთმანეთთან აბსოლუტურ კავშირშია, ერთი ჯაჭვის ნაწილია, ამაში არასოდეს ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს. ეს პირველად არ მომხდარა, ბევრჯერ ვნახეთ თბილისში, რეგიონებში. ძალიან გამიკვირდა გუშინ, როდესაც ასე უცებ პირველივე წუთიდან აღიარეს ის, რაც მოხდა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე. მივიღეთ კასკადი, აბსოლუტური უსინდისობის. მმართველი პარტიის განცხადებები, ქმედებები, ეს არის ძალიან სახიფათო მოვლენა, რომელსაც შეიძლება ჯაჭვისებური რეაქცია მოჰყვეს, თუ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელობა აქვს რას ამბობს ირაკლი კობახიძე“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
რაც შეეხება ოპოზიციის მიმართ ხელისუფლების დღევანდელ შეთავაზებას, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ამ შეთავაზებასთან პრობლემა აქვს, თუმცა პრეტენზია არა.
„ამ გეგმას, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა, აქვს რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა. ამიტომ მის შინაარსს არ ვაკრიტიკებ, იმიტომ რომ ის წარმოადგინა, რაც იმ 12-პუნქტიან გეგმაში იყო. ყველა საკითხზე მათეული ხედვა არის შემოთავაზებული. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია უნდა წარმოადგინოს. ამ დოკუმენტის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მთავარ კითხვებს არ სცემს ის პასუხს, როგორ? როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი? ევროკავშირში ნატოში გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის გზით. როდესაც ასეთი დაპირისპირებაა კონსენსუსი უნდა ეძებო, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთის მიმართულებით უნდა დაიწყონ მოძრაობა და საერთო შეხების წერტილები უნდა იპოვონ“, – დასძენს თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, „TV პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის თქმით, მას „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ჭიქა ესროლეს.
წერეთლის თქმით, ინციდენტი ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც საელჩოში ღონისძიება მიმდინარეობდა.
„ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ოდიშარია, ზარქუა, მგალობლიშვილი. მომიჭირა ყელზე, დამიწყო გარჩევები. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ისე უცებ მოხდა, ერთი ხელი, მეორე და მერე ჭიქა მესროლა… წარმოუდგენელია, დავიბენი“, – ამბობს ვატო წერეთელი.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფს ქმნის. როგორც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეპოლარიზაციაა, რომლისთვისაც უნდა გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლარიზაციის აღმოფხვრის მიზნით პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება.