უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, 1-ელ ივლისს რუსმა ოკუპანტებმა კუნძულ ზმეინიზე ფოსფორის ბომბებით საჰაერო იერიში მიიტანეს.
“რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მეთაურობა არ ერთგულობს საკუთარ განცხადებასაც კი, “კეთილი ნების ჟესტის” გამოხატვაზე. დღეს, დაახლოებით 18:00-ზე ბელბეკის აეროდრომიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავი Су-30-ების წყვილმა ზმეინის კუნძულზე, სადაც თითქოს “დავალებების შესრულება დაასრულეს”, ფოსფორის ბომბებით ორი საჰაერო დარტყმა მიიტანა. ყველა, ვინც რუსეთთან შეთანხმებებზე საუბრობს, უნდა იცოდეს ეს ფაქტი”. – დაწერა ზალუჟნიმ საკუთარ Facebook-ზე და იერიშის ამსახველი ვიდეომასალაც გამოაქვეყნა.
30 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინიზე დავალებები შეასრულეს და “კეთილი ნების გამოხატვის სახით” კუნძულს ტოვებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ კიევს არ მისცემენ საშუალებას, “დაიწყონ სპეკულაცია მარცვლეულობის გატანის შეუძლებლობაზე”.
უკრაინული მხარის ცნობით, გასულ ღამეს კუნძულ ზმეინიზე ინტენსიური იერიშები ხორციელდებოდა, რის შემდეგაც რუსმა ოკუპანტებმა საკუთარი ნაწილები გაიყვანეს.