სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცებას სამი წელია ელოდება. ფინანსთა სამინისტროსა და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, თუმცა დოკუმენტის განხილვები ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის პირვანდელი ვერსიის მიხედვით, წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობები ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით ასე გამოიყურება:
ა) მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი;
ბ) მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500
კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ
აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი;
გ) ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა)
რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 – 240.00 ლარი;
დ) სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500
კგ-ს აღემატება – 210.00 – 310.00 ლარი;
ე) მისაბმელისათვის – 50.00 – 75.00 ლარი;
ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი
მანქანისათვის – 60.00 – 90.00 ლარი.