7 იანვარს ტრადიციული საზეიმო მსვლელობა, „ალილო“ არ მოეწყობა – საპატრიარქო

7 იანვარს ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ არ მოეწყობა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ამასთან, საშობაო მსახურება ხვალ, ოთხშაბათს საღამოს 23:00 საათზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II აღასრულებს.

“მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში დიდებული დღესასწაულია. შობას საქართველოში კიდევ უფრო სადღესასწაულო ელფერი, უწმინდესის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა.

წლებია, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულელებში რიგდება. „ალილო“ წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება:

არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები…”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share