პუტინისტური ძალადობრივი ჯგუფების აქციით რუსული მედია დაინტერესდა

თბილისში, რადიკალური, ძალადობრივი დაჯგუფების დღევანდელ თარეშს რუსული მედია ეხმაურება და აქტიურად აშუქებს:

“საქართველოში “ევროპული ღირებულებების“ მოწინააღმდეგეებმა ევროკავშირისა და ნატოს დროშები დახიეს” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული მედიასაშუალება Radiosputnik.

გამოცემის ცნობით, თბილისში დემონსტრანტები ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსთვის „ევროპული ღირებულებების“ და ლგბტ კულტურის დამკვიდრებას.

გაზეთი Известия” წერს, რომ თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ლგბტ თემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი მივიდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეები საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელს ქვეყნიდან გაძევებას ითხოვდნენ.

რუსული მედია საკუთარ კორესპონდენტზე, გიორგი ძაბიშვილზე დაყრდნობით, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის შტაბბინასთან ევროკავშირისა და ნატოს დროშები დახიეს. რუსული მედია წერს, რომ აქციის მონაწილეებმა მცირე ხნით გადაკეტეს რუსთაველის გამზირიც.

აღსანიშნავია, რომ რუსული მედია აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ ელჩებთან ერთად, აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველის პორტრეტიც გადახაზეს.

“აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ გადახაზული ცისარტყელის დროშების ბანერები და პლაკატები ელჩების გამოსახულებით,ასევე, საქართველოს ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას გადახაზული პორტრეტი”,- წერს რუსული მედია

ოკუპანტების მედიასაშუალებები ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის ორგანიზატორზე, კონსტატნტინე მორგოშიაზე დაყრდნობით წერენ, რომ აქცია იყო მშვიდობიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share