სამშობლოს ღალატში ბრალდებული რუსი მეცნიერი, დმიტრი კოლკერი, რომელიც გასულ კვირას ციმბირში დააკავეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მოსკოვში გადაიყვანეს, დაკავებიდან ორ დღეში გარდაიცვალა. Reuter-ს ინფორმაცია ადვოკატმა დაუდასტურა.
“იგი გუშინ გარდაიცვალა, ჩვენ საჩივარს შევიტანთ მის დაკავებასთან დაკავშირებით”. – თქვა ადვოკატმა.
კოლკერის ოჯახის ინფორმაციით, მოსკოვის ციხეში გადაყვანამდე მეცნიერი ციმბირის ქალაქ ნოვოსიბიკის საავადმყოფოში მილის საშუალებით იკვებებოდა.
ბოლო წლებში რამდენიმე რუსი მეცნიერი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს: ძირითადად მათ უცხოელებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ. კრემლის კრიტიკოსები ამბობენ, რომ დაპატიმრებები ხშირად უსაფუძვლო პარანოიას ეფუძნება. სახელმწიფო ღალატი 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
კოლკერი ფიზიკისა და მათემატიკის პროფესორი იყო. ოჯახის თქმით, მას ბრალი დასდეს ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობაში, სადაც მანამდე სამეცნიერო ლექციებს კითხულობდა. მეცნიერის ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.
დმიტრი კოლკერი პირდაპირი ჩართვისას კითხვას უსვამს ვლადიმირ პუტინს, 2001 წელი