“შინ ევროპაში” აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ 4 ივლისის დილით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ. სამომავლო გეგმებზე მან პარლამენტის წინ მდგარი ტრიბუნიდან მიმართა აქციის მონაწილეებს.
“ჩვენ ვთქვით, რომ თუ ხელისუფლება არ ასრულებს ჩვენს დაყენებულ პირობას, ჩვენ 3 ივლისამდე გვქონდა ულტიმატუმი დაყენებული. რაღაც ისეთი გრძნობა გვეუფლება, რომ ისინი კომფორტში არიან – ჩვენ აქ ვიკრიბებით და რამდენიც არ უნდა შევიკრიბოთ, მათთვის არაფერი იცვლება. ამტომ დილით ჩვენ ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით “ქაჯეთის ციხეს” და მჯდომარე პროტესტით, მშვიდობიანად დავხვდებით მთავრობას, დავხვდებით ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას, რადგან აქედან აქედან არ ესმით… მივალთ დილით და ავუხსნით იმას, რაც აქედან ვერ ავუხსენით, ჩაგვხედოს თვალებში და გვითხრას, რატომ მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ”, – თქვა დიღმელაშვილმა.
აქციის მონაწილეთა ნაწილი პარტია “ქართული ოცნების” ოფისისკენ ორგანიზაცია “დემოკრატიის მცველების” დამფუძნებლის, გიორგი მშვენიერაძის მოწოდების შემდეგ დაიძრა.
” გვჭირდება 3000 ადამიანი, რომელიც მზად იქნება მივიდეთ პირველ სიმბოლოსთან, ესაა “ქართული ოცნების” ოფისი. აქედან 3000 ადამიანი, არც მეტი არც ნაკლები. მე წამოვალ წინ. დანარჩენები რჩებით აქ და იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არაძალადობრივი მაგრამ მკაცრი აქცია”, – თქვა მან.
დღეს, 3 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი აქციაზე “შინ ევროპოსკენ” შეკრიბა. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა.
ეს არის მესამე აქცია, რომელსაც სახალხო მოძრაობა “შინ ევროპისკენ” მართავს. წინა ორმა აქციამ ათიათასობით ადამიანი შეკრიბა, მონაწილეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ახალგაზრდები იყვნენ, საპროტესტო აქციას თბილისის 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა დაუჭირეს მხარი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 28 ივნისს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი.
რადიო თავისუფლება