პური 35%-ით, ბოსტნეული 33%-ით, ხილი 32%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 12.8%-ია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.2%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 12.8% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა.

წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

  • პური და პურპროდუქტები + 35%
  • ბოსტნეული და ბაღჩეული + 33.4%
  • ხილი და ყურძენი + 31.8%
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 24%
  • რძე, ყველი და კვერცხი + 19.5%
  • ყავა, ჩაი და კაკაო + 18%
  • თევზეული + 17.9%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 16%
  • ზეთი და ცხიმი + 14.9%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები + 11.3%

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share