საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნა ამ კვირაში, სავარაუდოდ, 2 დღეში გასაჯაროვდება. ცენტრ “ემპათიას” სამედიცინო გუნდმა მუშაობა უკვე დაასრულა.
ექიმები ამბობენ, რომ დასკვნა მოიცავს ყველა იმ პერიოდს, რომლის გავლაც მიხეილ სააკაშვილს მოუწია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველა ეტაპზე ჩატარებული მკურნალობა დაგვიანებული იყო.
“დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე ამ კვირაში იქნება მზად. რაც იკვეთება ამ ეტაპზე, უკვე დოკუმენტირებულად და დადასტურებულად, ეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გორის ჰოსპიტლიდან მოყოლებული დღემდე, რაც ძირითადად უკავშირდება მის ნევროლოგიურ მდგომარეობას, სტატუსს და ასევე რეფიდინგის არასწორად ჩატარების შედეგად გამოწვეულ სხვადასხვა გართულებებს. ჩართულია სპეციალისტი გერმანიიდან, ეს არის ზოგადი ქირურგი, რომელსაც აქვს გამოცდილება კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან ოპერირების და ასევე იგი არის მკურნალი, მას გააჩნია როგორც ქართული ლიცენზიები, ასევე, გერმანული ლიცენზია. ჩვენ ექსპერტთა ჯგუფს ურყევად მიაჩნია, რომ შეუძლებელია საქართველოს ციხეთა სისტემაში და პატიმრობაში საქართველოში მიხეილ სააკაშვილის განკურნება”, – ამბობს “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.
ექიმ ლალი ჯავაშვილის თქმით, დასკვნით დადასტურდა, რომ დიაგნოზები არის საკმაოდ მძიმე და ადეკვატური მკურნალობა ქართულ რელობაში წარმოუდგენელია.
“ჩვენ პაციენტს ვკარგავთ მენტალურად და ფიზიკურად. შეიძლება ის ფიზიკურად არ მოკვდეს, მაგრამ იქნება სრულიად განადგურებული, გამოფიტული ფიზიკურად და რაც მთავარია მენტალურად”, – ამბობს ის.
მესამე პრეზიდენტს სამედიცინო დასკვნას კლინიკა “ვივა მედში” გააცნობენ, სადაც ის ორ თვეზე მეტია მკურნალობის კურსს გადის.