ჟურნალისტი რაეცკი – ოზურგეთი 1906

„ვეტნიკ ვოზრაჟდენიას“ კორესპონდენტი ბატონი რაეცკი საქართველოს შემოვლისას აღწერს ულამაზესი კოლხიდის განადგურების საზარელ სურათს….
.
„ქალაქ ოზურგეთის ქუჩებში – სიჩუმეა, თითქოს ყველაფერი მკვდარია. დგას ტყვიაფრქვევები და ზარბაზნები.
.
ნახანძრალების სიახლოვეს, რომლებიც შეუხორცებელ ჭრილობებს მოგაგონებთ დადიან ავადმყოფური და სევდიანი სახის ადამიანები, რომლებიც დათრგუნული ჩურჩულით საუბრობენ. ესენი გადამწვარი ქონების მესაკუთრეები არიან.
.
ქუჩის მარცხენა მხარეს გადამწვარია 45 მაღაზია, გადარჩა 26 რომლებიც ყაზარმებთან ახლოს იდგნენ. ეტყობა ცეცხლის მომკიდებლები მოერიდნენ ცეცხლი ყაზარმებსაც არ მოსდებოდათ. მარჯვენა მხარეს გდამწვარია 81 და გადარჩენილია 21 მაღაზია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გადარჩენილი მაღაზიები სხვადასხვა ადგილას დგანან და არა ერთმანეთთან ახლოს.
.
შემდეგ მოდის რამდენიმე გადამწვარი სახლი, ყველა ეს სახლი გადაწვეს 13 იანვრის დილას, მაღაზიების ძარცვასა და გადაწვაში მონაწილე დაბალი ჩინის მქონეთა განმარტებით ამ სახლებში გადატანილი იყო და ინახებოდა ხანძარსა და ძარცვას გადარჩენილი საქონელი. სახლებში შევარდნილი ჯარისკაცები ქონების ძებნისას ანგრევდნენ და ამტვრევდნენ ყველაფერს, შემდეგში კი გადაწვეს ეს სახლები, ისე რომ არც კი გააფრთხილეს მცხოვრებნი, რასაც სხვა შემთხვევაში წყალობის სახით აკეთებდნენ. ამ შემთხვევაში კი თავად მაცხოვრებლებიც კი ძვლივს გდაურჩენენ დაწვას.
.
ადგილობრივი ნოტარიუსი მასალკინი (რუსი), შეესწრო ოთხი სახლის გადაწვას და თხოვნით მიმართა იქვე მიმავალ პლასტუნების როტის უფროსს ერმოლევს შეეწყვიტათ ცეცხლის მოკიდება. ერმოლაევმა გაყარა იქვე მყოფი ჯარისკაცები, რომლებიც აპირებდნენ „წითელი მამალის“ (ცეცხლის მოკიდება) გაშვებას იმავე ქუჩაზე ზემოთ მდებარე მეხუთე სახლში, რის შემდეგაც ნოტარიუსს უთხრა, რომ ეს ოთხი სახლი შეცდომით დაწვეს.
.
აქვე იყო მოხუცი მამულაიშვილის ქალის სახლი, რომლის გერი არც კი ცხოვრობდა მასთან და საერთოდ უცნობი იყო სად იყო, მის საძებრად მოსულმა რაზმმა ოფიცერის ხელმძღვანელობით მისი სახლი შეშად დაშალა, შემდეგ ასევე საშეშედ მოჭრეს ბაღში არსებული ხეები, ყველაფერი ეს მშვიდად და საქმიანი სახით დააწყვეს ურმებზე და წაიღეს.
.
ზუსტად ისევე მოხდა 60 წლის მასწავლებლის გრიაზნოვის სახლთან მიმართებაში. იანვარში გრიაზნოვი დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს. ორი კვირის შემდეგ მის სახლში გამოცხადნენ კაზაკები ოფიცერის ხელმძღვანელობით, გარეთ გამოყარეს მისი ცოლი და ორი შვილი, სახლი კი დაშალეს და მთლიანად შეშად წაიღეს.
.
იმავე საღამოს იქვე მივიდა ოფიცერთა ჯგუფი ქალის თანხლებით, გრიაზნოვის დანგრეული სახლის ეზოში იყო ულამაზესი და იშვიათი პალმის ხე, რომელიც მის პირად ბაღში იდგა. პალმის ხე ამოთხარეს და წაიღეს, იგი ახლა ერთერთი ოფიცრის სახლის ეზოს ამშვენებს. გრიაზნოვის ცოლი მივიდა პოლკოვნიკ კრილოვთან, მოუყვა მას პალიმის ისტორია და სთხოვა მას მისი დაბრუნება. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ კრილოვმა უპასუხა:
– ნაბრძანები იყო მისი წამოღება!
.
ასე და ამგვარად, ახლა ძარცვაც კი ხელმძღვანელობის წინასწარი ბრძანებით ხდება.“
.
ოზურგეთის შემოგარენში კორესპონდენტს ასეთი სურათი დახვდა:
.
„გავედი თუ არა ქალაქიდან, ჩემს თვალწინ გადაიშალა სრულიად ამაზრზენი სურათი. ჩინგიზ-ხანის თათართა ურდოს, რომ გაევლო ამ ადგილზე ისიც კი არ დატოვებდა ისეთ კვალს, რაც ქუთაისის გზის მიმდებარედ დატოვა კაზაკთა ორმა ასეულმა.
.
თითქმის ყველა სახლი ნაცრამდეა გადამწვარი. ოქტომბერში დამწვარი სახლები ახლაც კი არაა აღდგენილი.
.
აი შავ-შავი ადამიანის დამწვარი ძვლების მსგავსი ძელები და დამტვრეული კრამიტის გროვები… ეს ყოფილი სკოლაა. უკვე ოთხი თვეა ბავშვებს აღარსად შეუძლიათ ისწავლონ. სოფელ დვაბზუს საზოგადოების გლეხებმა უკვე დიდი ხანია დაიწყეს სკოლის ახალი დიდი შენობის აშენება, მაგრამ როცა ძველი გადაწვეს ახალის მშენებლობა მიატოვეს, იფიქრეს მაინც გადაწვავენო.
.
იქვე შენდება სოფლის მმართველობის ახალი შენობა. ძველი დაწვეს მიუხედავად იმისა, რომ მასზე ეკიდა წარწერა და თავად მამასახლისი გულზე ჯაჭვით იდგა კარებში და კაზაკებს სთხოვდა არ დაეწვათ, მაგრამ უშედეგოდ. ახლა კი პოლკოვნიკმა კრილოვმა ბრძანა ახალი შენობის აშენება და გლეხებმა კვლავ თავიანთი ცარიელი ჯიბეები უნდა დაიფერთხონ.
.
ყველგან ნანგრევები და ნგრევა…
ძირფესვიანადაა განადგურებული ძალიან ბევრი გლეხის მეურნეობა, რომელთაც აღდგენა აღარ უწერიათ.“
.
გაზეთი „რეჩი“ (Речь) სტატია – 1906 წელი 1 აპრილი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share