2022 წლის ბოლომდე 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს, სანქციები უკვე მძიმედ ურტყამს პუტინს – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ის საუბრობს სანქციების ფორმებზე და განიხილავს მის ეფექტურობას.

“სასარგებლოა თუ არა სანქციები? კი, ის უკვე მძიმედ ურტყამს ვლადიმერ პუტინსა და მის თანამოაზრეებს, სანქციების გავლენა კი რუსეთის ეკონომიკაზე დროთა განმავლობაში გაიზრდება”, – წერს ბორელი.

ბორელი სტატიაში აღნიშნავს, რომ ევროკავშირი თანდათან თავისუფლდება  რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან. მისი თქმით, სწორედ ეს აფერხებდა წარსულში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

“2022 წლის ბოლომდე ჩვენ 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს. გარდა ამისა, სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ეს გადაწყვეტილებები ეტაპობრივად გვათავისუფლებს დამოკიდებულებისგან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აფერხებდა ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს ვლადიმერ პუტინის აგრესიის წინაშე. მას ალბათ, სჯეროდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მასზე ენერგოდამოკიდებულების გამო. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არასწორი გათვლაა იმ მრავალთაგან, რომელიც რუსეთის რეჟიმმა ამ კონფლიქტის დაწყების დროს დაუშვა. ცხადია, რუსულ ენერგიაზე ასე სწრაფად უარის თქმა სერიოზულ პრობლემებს ქმნის ევროკავშირის ქვეყნებისა და რამდენიმე ეკონომიკური სექტორისთვის, მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ, რომ  დავიცვათ ჩვენი დემოკრატია და საერთაშორისო სამართალი და  ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს ამ პრობლემების გადასაჭრელად სრული სოლიდარობით”, – წერს ჯოზეფ ბორელი.

ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციების რამდენიმე პაკეტი მიიღო. ბოლო, მე-6 პაკეტზე წევრი ქვეყნები გასულ თვეში შეთანხმდნენ. ის რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ევროკავშირმა მუშაობა დაიწყო სანქციების მე-7 პაკეტზეც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share