ივანიშვილს ისევ სდსს იცავს – ოლიგარქის უსაფრთხოებისთვის ხალხის ფული იხარჯება

ივანიშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 2014 წელს დატოვა, თუმცა უკვე 8 წელია სახელმწიფო დაცვის სამსახური ისევ მის უსაფრთხოებას იცავს და ამისთვის ბიუჯეტიდან ხალხის ფული იხარჯება.

გიორგი მშვენიერაძე თავად შეესწრო ფაქტს, როცა ორი დღის წინ, ქობულეთიდან შეკვეთილისკენ მიმავალი ივანიშვილისთვის სახელმწიფო უწყებებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს და მოქალაქეებს მოძრაობა  შეუზღუდეს. ოლიგარქის ესკორტს სახელმწიფო დაცვის სამსახური აცილებდა.

ირკვევა, რომ ყოფილ პრემიერს ისევ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს, მაშინ როდესაც მთავრობამ თანამდებობის დატოვების შემდეგ  დაცვა შეუჩერა სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და ყოფილ პრემიერ გიორგი კვირკაშვილს.

მათთვის დაცვის შესაჩერებლად მთავრობამ კანონმდებლობაც კი შეცვალა და კონსტიტუციაში სპეციალური ჩანაწერი შეიტანა, რომლის მიხედვით, სწორედ მთავრობა წყვეტს თანამდებობის დატოვების შემდეგ რომელი მაღალჩინოსანი ისარგებლებს სახელმწიფო დაცვით.

რა რაოდენობის ფული იხარჯება ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სამსახურზე – ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, თუმცა თანხა სავარაუდოდ საკმაოდ სოლიდურია. არასამთავრობო სექტორისთვის გაუგებარია რატომ იხარჯება ბიუჯეტიდან 8 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე, მაშინ როდესაც მისი ქონება ქვეყნის მთლიან ბიუჯეტზე გაცილებით დიდია.

ქართული ოცნების თავმჯდომარე არ უარყოფს რომ არაფორმალურ მმართველს სახელმწიფო დაცვის სამსახური იცავს. მმართველ გუნდის წევრები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ და ამტკიცებენ რომ ფაქტს სამართლებრივი საფუძვლები აქვს, თუმცა როგორი – ამას არ აკონკრეტებენ.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share