დაუმორჩილებელი და ამაყი სარა გურიელის უარი რუსეთის იმპერატრიცას

ძალიან საინტერესოა გურიის უკანასკნელი მთავრის მამია გურიელის შვილების ბედი, რომელთაგან ყველაზე უფრო ცნობილია მისი ქალიშვილის ეკატერინეს ისტორიის დეტალები. ამასწინათ გამოვაქვეყნე მთავრის კიდევ ერთი ქალიშვილის ტერეზას (ტერეზიას) შესახებ გარკვეული ინფორმაცია მწერალ ა. სოკოლოვას მემუარებიდან, მემუარები ასევე შეიცავს გურიის უკანსკნელი მთავრის კიდევ ერთი შვილის სარას (სოფია) შესახებ მცირე მაგრამ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას.
.
მამია გურიელის მძევლად აყვანილი ორი ქალიშვილი სარა და ტერეზა 1828 წლის გურიის მოვლენების შემდეგ რუსებმა პეტერბუგში გადაიყვანეს. რის შესახებაც სოკოლოვა თავის მემუარებში წერს – „სმოლნის ქრონიკების მიხედვით, ამ სამთავროს (ანუ გურიის) დაპყრობამდე თუ შემოერთებამდე მთავრის პირდაპირი მემკვიდრეები იყო ორი თავადის ქალი: ტერეზა და სარა. რა დროსაც თავადის ქალების ასაკს შორის იყო მნიშვნელოვანი სხვაობა, სარა 13-14 წლისა გახლდათ, ხოლო ტერეზა 5 ან 6 წლისა.“
.
სოკოლოვა სარა გურიელს აღწერს, როგორც ძალიან ძლიერ, დაუმორჩილებელ და ამაყ ადამიანს, რომელსაც სძულდა ყველაფერი რუსული – „ძლიერი, ამაყი და ამპარტავანი სარა არავის და არაფერს არ ემორჩლებოდა, მას გამონაკლისის გარეშე ყოველივე რუსულსადმი რაღაცნაირი მძვინვარე მტრობა გააჩნდა.“
.
16 წლის გახდომისთანავე სარა გურიელს რუსეთის იმპერატრიცამ ალექსანდრა ფეოდოროვნამ (ნიკოლოზ I მეუღლე) „განსაკუთრებული რესკრიპტით გაუგზავნა ფრეილენის ბრილიანტის შიფრი“ (Фрейлинский шифр), რომელიც გახლდათ ბრილიანტებით მორთული სამეფო გვირგვინიანი ოქროს ბროში, რომელზეც გამოსახული იმპერატრიცის მონოგრამა, შიფრი ითვლებოდა მაღალი წოდების ქალთა განმასხვავებლ ნიშნად და ნიშნავდა, რომ მისი მფლობელი იყო საიმპერატორო კარზე დაწინაურებული ქალები. ცისფერ ლენტზე დამაგრებული ბრილიანტებით მორთულ ბროშს საიმპერატორო კარის ქალბატონები ატარებდნენ მარცხენა მხარზე.
.
სოკოლოვას მიხედვით სარამ ფრეილენობა ვერ მიიღო ერთი ეპიზოდის გამო, მაგრამ ამ მომენტში არ ახსენებს კონკრატულ მიზეზს თუ, რატომ არ მიიღო სარა გურიელმა ბრილიანტებიანი ოქროს ბროში და მაღალი ადგილი რუსეთის საიმპერატორო კარზე.
.
შემდეგში კი სოკოლოვა აღწერს, რომ უკვე აწგანსვენებული სარას და ტერეზა, რომელიც დიდი პატივით იყო მიღებული რუსეთის სამპერატორო კარზე შეწუხებული იყო იმით, რომ მას არ აძლევდნენ ფრეილენის შიფრს. როგორც გაირკვა იმპერატრიცა ერიდებოდა შიფრის გადაცემას, რადგანაც თავის დროზე მისმა დამ ამაყმა სარა გურიელმა უხეშად უარყო და უარი შეუთვალა იმპერატრიცას ფრეილენის შიფრის მიღებაზე, რასაც საიმპერატორო კარზე დიდი სკანდალი მოყოლია.
.
ფრეილენის შიფრის მიღებაზე უარის თქმის შემდეგ სარა გურიელი მალევე ჭლექით დაავადდა და გარდაიცვალა 16 წლის ასაკში.
.
მომზადებულია ა. სოკოლოვას მემუარების მიხედვით
.
ნახატზე – უცნობი ფროილენი ბრილიანტის შიფრით
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share