”ვერც ოპოზიციაში ვხედავ მაინცდამაინც წელში გამოყვანილ ხალხს, რომლებიც რაღაცას იტყვიან და მერე შეასრულებენ“

„ჩვენი პოლიტიკური ელიტა არის უღრმეს კრიზისში, აქტიური ამომრჩევლის  60-62% არჩევანის გარეშეა დარჩენილი“, – ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გია ხუხაშვილის თქმით, მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, სანამ ივანიშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან  არ დაჯდება.

„ის რომ დიალოგი შედეგიანი იქნება, ამის იმედი არ უნდა გვქონდეს. ერთადერთი მომლაპარაკებელი ამ პროცესში, ვისაც შეუძლია რაღაცაზე აიღოს ვალდებულება, მერე ეს შეასრულოს, არის ბიძინა ივანიშვილი.

სამწუხაროდ, ვერც ოპოზიციაში ვხედავ მაინცდამაინც წელში გამოყვანილ ხალხს, რომლებიც რაღაცას იტყვიან და მერე შეასრულებენ. ჩვენი პოლიტიკური ელიტა არის უღრმეს კრიზისში. 60-62% აქტიური ამომრჩევლის არის არჩევანის გარეშე დარჩენილი.

მოლაპარაკების ერთადერთი ადგილი არის მაგიდა, რომელთანაც გადაწყვეტილების მიღების უნარიანი ადამიანები სხედან. რომლებიც, რაღაცაზე ხელს რომ მოაწერენ, აქვთ შნო და კომპეტენცია, რომ ეს გადაწყვეტილება განახორციელონ ბოლომდე.

არანაირ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს ამ ქვეყანაში, სანამ პირადად ბიძინა ივანიშვილი არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. ბიძინამ მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა იმის მტკიცებას, რომ ყველა „მამაძაღლია“. მას შეუძლია, სახელმწიფო ინსტიტუტები აიძულოს მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აცხადებს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share