ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ივანიშვილი სულ რომც სანქცირებული იყოს, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივანიშვილისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ წარმოადგენს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წამყვან შვეიცარიულ ბანკთან, Credit Suisse-თან გლობალურ დავაში.

ამავე დროს, გარდა უშუალოდ სასამართლო დავებისა, რომლებიც მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში, ბ-ნ ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიებისთვის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხსენებული აქტივები არ არის სადავო და არ წარმოადგენს განხილვის საგანს არცერთ იურისდიქციაში. სწორედ ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, ბანკის მიერ ჩადენილ განმაცვიფრებელ დარღვევებს ეხება წინამდებარე განცხადებაც.

2022 წლის მაისში საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა კლიენტის უფლებათა უხეშ შელახვასა და პოლიტიკურ ზეწოლას. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ მოვლენათა ის ქრონოლოგია, რომელიც ზემოაღნიშნულ დასკვნას დაედო საფუძვლად:

ბანკის სატრასტო სტრუქტურის მხრიდან ბენეფიციარის ინტერესების უგულებელყოფა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც ბენეფიციარის მხრიდან გადარიცხვის ინსტრუქციის შესრულებას 1 თვე დასჭირდა. სწორედ ამგვარი გაჭიანურების პერიოდში მიუთითა პირველად ბანკმა, რომ მისი უმოქმედობა და კლიენტის დავალების შეუსრულებლობა აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა. აშკარა იყო, რომ საუბარი იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე, თუმცა სრულიად გაუგებარი იყო ბენეფიციარის რაიმე ფორმით შემხებლობა ხსენებულ ე.წ. „გეოპოლიტიკურ მოვლენებთან“. მიუხედავად იმისა, რომ ბანკს განემარტა, რომ ბენეფიციარი არ წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს, არ გააჩნდა რუსეთში ბიზნეს ინტერესები, არ იყო სანქცირებული პირი და არც სხვა რაიმე ნიშნით შეიძლება მის მიერ საკუთარი თანხის განკარგვა შეფერხებულიყო უკრაინაში ომის გამო, დავალების შესრულებას მაინც 1 თვე დასჭირდა.

თუმცა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამით პრობლემა კი არ ამოიწურა, არამედ კლიენტზე ზეწოლის ტალღა მხოლოდ ახლა იწყებოდა:

უკვე 2022 წლის 11 აპრილის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ ტრასტს მოეხდინა გარკვეული თანხების გადარიცხვა, ტრასტმა ოთხჯერ: 13 აპრილს, 20 აპრილს, 5 მაისსა და 20 მაისს იდენტური კითხვები დაუსვა ბენეფიციარს მიუხედავად იმისა, რომ მან სრული, ამომწურავი ინფორმაცია პირველივე კითხვაზე საპასუხოდ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციარი მიმართავდა ტრასტს, თუ რა იყო კლიენტისგან დამატებით საჭირო, რა ინფორმაცია, რა დოკუმენტი, რა ტიპის ხელმოწერა აკლდა დავალების მიმღებს და აფიქსირებდა, რომ იგი მზად იყო, მაქსიმალურად შეეწყო ხელი ტრასტისთვის თავისი ვალდებულების შესრულებაში, ტრასტი ჯიუტად სვამდა კითხვებს უკვე პასუხ-გაცემულ საკითხებზე. საბოლოოდ, 5 მაისს ტრასტის წარმომადგენელი დაპირდა კლიენტს, რომ იგი მოამზადებდა საჭირო დოკუმენტების პროექტებს და გადმოუგზავნიდა ბენეფიციარს ხელმოწერისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, თავისივე ნათქვამი თვითონ დაავიწყდათ და 2 კვირის განმავლობაში დოკუმენტების მოუწოდებლობის შემდეგ, 19 მაისს ისევ ძველი კითხვები გაახსენდათ და დოკუმენტების ნაცვლად ისევ კითხვები გამოგზავნეს. ტრასტის მიერ ბენეფიციარის მიმართ არსებული ვალდებულება დღესაც, 3 თვის შემდეგ, კვლავ უგულებელყოფილია, თუმცა კლიენტის უფლებათა დარღვევისთვის ახალი, აშკარა პოლიტიკური შეფერილობის საბაბი მოინახა. სწორედ ამ უცნაური, განმაცვიფრებელი გზავნილის შესახებ სურს კლიენტს ქართული საზოგადოების ინფორმირება, რადგან, რიგი გარემოებები აძლევს ბატონ ივანიშვილს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან.

კერძოდ, 2022 წლის 5 ივლისს კლიენტმა მიიღო წერილი ბანკისგან, სადაც საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება.

ბანკის ეს გზავნილი არის როგორც სამართლებრივ, ასევე, ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაში უპრეცედენტო, რომლის მსგავსი მოვლენა არათუ შვეიცარიის დონის, არამედ განვითარებადი სახელმწიფოებისთვისაც კი უცხო და შეუფერებელია. აშკარაა, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება და არად დაგიდევთ არათუ უშუალოდ ბანკის იმიჯს, არამედ ლახავს შვეიცარიული სახელმწიფოს ავტორიტეტსაც.

ბანკი თავის გზავნილში ეყრდნობა მარტოოდენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც, როგორც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ბანკის მითითება აბსტრაქტულ „რეგულატორულ ვალდებულებებზე“ უადგილოა მითუმეტეს, რომ ბანკმაც და საზოგადოებამაც კარგად უწყის, რომ ევროკავშირის არცერთმა აღმასრულებელმა ორგანომ: არც ევროკომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა სანქცირების შესახებ რეკომენდაცია. ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებას და რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მოხდა არის სწორედ აღნიშნულის დასტური, რადგან ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს პარლამენტის რეზოლუცია რომ გაეზიარებინათ სანქცირების ნაწილში, მაშინ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოხდებოდა მისი ასახვა, რაც, როგორც ცნობილია, არ მომხდარა. ამით, პრაქტიკულად, საკითხი ამოწურულია. მიუხედავად ამისა, ბანკი უბრუნდება ერთი თვის წინანდელ რეზოლუციას და მასზე, როგორც მოქმედ დოკუმენტზე ისე საუბრობს. საინტერესოა, თუ რამდენ ხანს აპირებს ბანკი გააკეთოს მითითება იმ დოკუმენტზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული ევროკავშირის რომელიმე აღმასრულებელი სტრუქტურის მიერა

აღსანიშნავია, რომ სულ რომც სანქცირებული იყოს ბატონი ივანიშვილი, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. პირიქით, ტრასტის მიზანი კლიენტის ინტერესების მომსახურებაა იმ პირობებშიც კი, როდესაც ბენეფიციარი რაიმე სამართლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება. სატრასტო სტრუქტურები ხომ სწორედ კლიენტთა აქტივებისა და ინტერესების დაცვის მიზნებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, ბენეფიციართათვის რთულ დროს.

კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share