ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ევროკავშირის შანტაჟი სასაცილოდ გამოიყურება – ნიკა გვარამია

პატიმრობაში მყოფი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ევროკავშირის შანტაჟი სასაცილოდ გამოიყურება.

როგორც გვარამია ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, ვადამდელი არჩევნებისთვის საჭირო კონსტიტუციურ ცვლილებებს სჯობს ივანიშვილი მომზადებული შეხვდეს.

„ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ევროკავშირის შანტაჟი სასაცილოდ გამოიყურება. ევროკავშირთან ვაჭრობა მის მდგომარეობას არათუ ვერ შეამსუბუქებს, არამედ დაამძიმებს და დააჩქარებს მის ირგვლივ რკალის შევიწროებას.

მას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყანა „ქართულ ოცნებასთან“ თუ მის გარეშე, მეტიც, მის წინააღმდეგაც კი, მაინც გამოვა შექმნილი ჩიხიდან (შიგნით აქციით, გარეთ სანქციით).

აი საკუთარი თავის გადარჩენას კი ერთადერთი გზით – ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით შეძლებს. მალე მოისმენს კიდეც ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან „Peaceful Transition of Power“-ს.

ამიტომ, ჯობია მომზადებული შეხვდეს ამ მომენტს და მიიღოს ვადამდელი არჩევნებისთვის საჭირო კონსტიტუციური და სხვა ცვლილებები.
ეს ქვეყნისთვის და მისი ევროპერსპექტივისთვის საუკეთესო და უმოკლესი გზაა, ხოლო ივანიშვილის გადარჩენისთვის – ერთადერთი და უალტერნატივო“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share