საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული ლანჩხუთელი მიხეილ აფხაზავა გახდა.
რეგიონალური საჭადრაკო ტურნირი, რომელიც ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის სახელს ატარებს, წელს მეცხრედ გაიმართა.
თორნიკე ხვედელიძე ავტოავარიის შედეგად 2013 წელს, 29 წლის ასაკში დაიღუპა. იგი იყო გურიის პირველი ოზურგეთელი ჩემპიონი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 3-გზის გამარჯვებული. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, წარმატებით გამოდიოდა რესპუბლიკური და საერთაშორისო მნიშვნელობის საჭადრაკო ტურნირებში, ოლიმპიადებსა და ფესტივალებში,რომლებშიც მრავალჯერ ყოფილა გამარჯვებული , თუ პრიზიორი.
იყო საქარველოს ნაკრების წევრი ევროპის პირველობაზე და ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე.
თორნიკე 2006 წლიდან ეწეოდა წარმატებულ ბიზნეს საქმიანობას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, თ.ხვედელიძის პიროვნული ღირსებებისა და საზოგადოებრივი თხოვნის გათვალისწინებით, მისი სახელი მიანიჭა ქალაქის ერთერთ ქუჩას.
პირველი სამი წელი, მემორიალური ტურნირი, უშუალო თორნიკეს მეგობრების და მისი თაობის მოჭადრაკეების მონაწილეობით ტარდებოდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია იგი, აქტიურ ჭადრაკში( რაპიდი, 25 წთ პარტიაზე) რეგიონალური საჭადრაკო ტურნირის სტატუსით ტარდება და მისდამი ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ტურნირი წელსაც შვეიცარული სისტემით და აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ჩატარდა, რომელშიც რეგიონის 14 მოჭადრაკე ღებულობდა მონაწილეობას.
დიდ ინტერესი გამოიწვია მაღალი ტიტულების მატარებელ მოჭადრაკეთა პაექრობამ.
ტურნირში ყველაზე კარგი სტარტი გივი სიამაშვილს ჰქონდა, 4-დან 4 ქულა. მაგრამ, დარჩენილ სამ პარტიაში მას ვერაფერი დაუმატა. ორჯერ დრო არ ეყო მოგებული პარტიების ბოლომდე მისაყვანად და ერთიც მისგან გამოწვეული ემოციებით დათმო.
მსგავსმა ემოციებმა იმოქმედეს ოზურგეთის ჩემპიონის, თენგიზ თოიძის შედეგზეც, რომელმაც ლიდერთან მოგებულ პარტიაში ყაიმი ითამაშა და შემდეგ ორი ქულაც დაკარგა.
აშკარად კარგ ფორმაში ყოფნა გამოავლინა ლანჩხუთის ჩემპიონმა მიხეილ აფხაზავამ, რომალმაც თ.თოიძესთან დაკარგული ნახევარი ქულის გარდა ყველა პარტია მოიგო და დამსახურებულად გავიდა პირველ ადგილზე.
წელს მან ოზურგეთში მეორეჯერ გაიმარჯვა. პირველად, როცა უდანაკარგოდ მოიგო 26 მაისის ტურნირი.
მისასალმებელია, რომ კარგ ფორმაშია გურიის ჩემპიონი გიორგი გოგოლაურიც, რომელიც მხოლოდ ერთი ქულის დანაკარგით მივიდა ფინიშთან. ნამდვილად ქების ღირსია თამარ ასათიანი, რომელმაც აღებული 4 ქულიდან სამი ძლიერ მამაკაცებთან აიღო და ქალთა შორისაც პირველი ადგილი დაიკავა.
საბოლაოდ საპრიზო ხუთი ადგილი ასე განაწილდა: I ადგილი – მიხეილ აფხაზავა ( 6,5 ქულა) II ადგილი – გიორგი გოგოლაური( 6,0 ქულა) III ადგილი -” თენგიზ თოიძე ( 4,5.ქულა) IV ადგილი – თამარ ასათიანი ( 4,0 ქულა) V ადგილი გივი სიამაშვილი ( 4,0 ქულა)
ტურნირის დახურვაზე თბილად და პატივისცემით კიდევ ერთხელ აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის პიროვნების შესახებ, რომელიც ნიჭიერებასთან ერთად, მუდამ მაღალი ზნეობრივი, ვაჟკაცური და პატრიოტული ნიშან- თვისებებით ხასიათდებოდა.
საჭადრაკო ტურნირი მიმოიხილა გურიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა , ზურაბ ანდღულაძემ.
საჭადრაკო ტურნირის ორგანიზება და ფინანსური უზრუნველყოფა , გურიის ჭადრაკის ფედერაციასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებას ეკუთვნის.