უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით რუსული არმია მიზანმიმართულად ანადგურებს დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქების სოფლის მეურნეობის პროდუქციას.
ხანძრები რუსული არმიის მასირებული დაბომბვის შედეგად ამ ოლქებში ხორბლის ყანებს ანადგურებს. ამის შესახებ ბოლო დღეებში ადგილობრივები იუწყებიან სოციალურ ქსელებში.
დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელი, ნიკოლაი ლუკაშუკი ამბობს, რომ 7 ივლისს მტერმა დაბომბა ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორია, რის შედეგად მინდვრებს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმა 20 ჰექტარი ხორბალი გაანადგურა. ლუკაშუკმა დააზუსტა, რომ “მოხდა ხანძრის თვითლიკვიდაცია“.
იმავე დღეს ოკუპანტებმა დაბომბეს სოფელ ნოვოსემონოვკას ტერიტორია, შედეგად დაიწვა 5 ჰექტარი მინდორი.
ამავე დროს, ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ოლქში რუსები ხორბლის მინდვრებს ფოსფორის ბომბებით ბომბავენ.
“ჩვენს რეგიონში რუსი ოკუპანტები უკანონოდ იყენებენ საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულ კასეტურ და ფოსფორის ბომბებს. თავიდან საცხოვრებელ კვარტლებს ურტყამენ, შემდეგ კი ხორბლის მინდვრებს წვავენ“– წერენ ზაპოროჟიეს ოლქის საინფორმაციო ტელეგრამ არხზე.
მოგვიანებით მსგავსი ინფორმაცია გამოჩნდა ზაპოროჟიეს ოლქის პოლოგოვსკის თემის ტელეგრამ არხზე.
28–ე მექანიზებულმა ბრიგადამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსული ჭურვი ხორბლის მინდორზე ეცემა და მინდვრები იწვის.
“პორტების ბლოკირების, ხორბლის მოპარვის და გაყიდვის გარდა ოკუპანტები ცინიკურად ანადგურებენ ფერმერების მინდვრებს“– ამბობენ სამხედროები.
ხორბლის ყანებში ხანძრის შესახებ ფეისბუქზე აქტივისტი იგორ ლუცენკოც ყვება და ფოტოებს აქვეყნებს.
“რუსები ჩვენს პურს ანადგურებენ. სპეციალური ჭურვი მოფრინავს, სპეციფიური ხმაურით, თითქოს მეტალის ფრთებს იქნევს, ჰაერში ფეთქდება და მიწაზე რამდენიმე ცეცხლიანი ნამტვრევი ვარდება, რაც მინდორზე ხანძარს იწვევს“– წერს ის.
ლუცენკოს თქმით, ცეცხლი მინდორში კედელივით აღიმართა, ზოგიერთ ადგილზე კი სიმაღლეში 5 მეტრს აღწევს, სიგანეში ცეცხლის ზოლი რამდენიმე ასეული მეტრია, რამდენიმე კვირიანი მაღალი ტემპერატურისგან გამომშრალი ხორბალი კი ასანთივით იწვის.