საქართველოს პრემიერ-მინისრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანია ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ წარმოადგენს ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რაც საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად.
პრემიერ-მინისტრი გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, აქვს თუ არა რაიმე კავშირი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს ამჟამად ბიძინა ივანიშვილთან.
როგორც პრემიერი აცხადებს, „ქართული ოცნების“ გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის კარნახით.
რადგან პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის არავითარი ფაქტი არა აქვთ, ე.წ. ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ იმ გარემოებაზე მიუთითებენ ხოლმე, რომ მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდის რამდენიმე მოწინავე წევრი პოლიტიკაში სწორედ მისი ლიდერობით მოვედით.
პირველ რიგში, გავიხსენებ, რომ „ქართუ ჯგუფში“ ღია კონკურსის გზით მოვხვდი და ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ასე გავიცანი. ბუნებრივია, როგორც „ქართუს“ საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. მაშინ დამყარდა მეგობრული ურთიერთობაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და ჩემს ოჯახს შორის, რითაც მთელი ჩემი ოჯახი განსაკუთრებულად ამაყობს.
ასევე, განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი.
როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ერთი წამით არ მიყოყმანია. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული რისკები იმთავითვე მქონდა გააზრებული. თუმცა, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე, დემოკრატიული გარდატეხისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩავრთულიყავი.
რა თქმა უნდა, ჩემ გარდა, ამ ბრძოლაში „ქართუ ჯგუფის“ უამრავი სხვა წარმომადგენელიც ჩაერთო, რომელთა ნაწილი დღესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრია. მუქარითა და ზეწოლით არა მხოლოდ ჩვენს გაჩერებას, არამედ „ქართუს“ სტრუქტურების დაშლასაც კი ცდილობდნენ. თუმცა, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ზეწოლას გაუძლო და მოძალადე რეჟიმი დაამარცხა“,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.