რუსეთი საქართველოს პორტს ბულგარეთისთვის თხევადი გაზის მიწოდებისთვის გამოიყენებს – ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. როგორც მედია წერს, LPG-ის (თხევადი გაზი) ექსპორტიორები ფოთის პორტს ივლისიდან გამოიყენებენ, რადგან ტრადიციული საექსპორტო მარშრუტები დახურულია.
როგორც მედია წერს, რუსეთმა უკრაინის LPG-ით მომარაგება 24 თებერვალს შეწყვიტა, როდესაც ომი დაიწყო. ასევე, რუსეთმა შეაჩერა უკრაინის გავლით LPG-ის სარკინიგზო ტრანზიტი რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში, რაც ექსპორტიორებს ვალდებულს ხდის, ახალი მარშრუტები მოძებნონ.
მედია Refinitiv-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ შესყიდვები მკვეთრად შეამცირა ფინეთმაც, მაშინ, როდესაც გასულ წელს რუსეთიდან LPG-ის ექსპორტის 25% უკრაინასა და ფინეთში იყო.
Refinitiv Eikon-ის მონაცემებით, ივლისში 3 000 ტონა LPG სურგუტიდან ფოთში სარკინიგზო ტრანსპორტით გაიგზავნება, საიდანაც ვარნაში საზღვაო ტრანსპორტით გადაიტანენ.
როგორც Reuters-ი წერს, ბულგარეთი თვეში, დაახლოებით, 30-35 000 ტონა თხევად გაზს მოიხმარს – ყოველთვიურად, დაახლოებით, 10 000 ტონას აწარმოებს, დანარჩენს კი რუმინეთისგან და რუსეთისგან ყიდულობს.