“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” წევრები სანქციების შიშით ბოლო დღეებში “ანტიდასავლურ პოლიტიკურ ეპისტოლეებს” აქვეყნებენ, რომელთა მიზანი ბიძინა ივანიშვილის მიმართ პატრონ-ყმური ერთგულების დემონსტრირებაა.
ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ამ კამპანიის მიზანია იმის დამტკიცება, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არაა და ყველაფერი მითიური მტრების გამონაგონია.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ თუ ვინმეს დამატებითი არგუმენტი სჭირდებოდა ივანიშვილის არაფორმალური მართვის, ტოტალური კონტროლისა და ოლიგარქობის დასამტკიცებლად, დღეს ეს არგუმენტი ჩვენს წინაშეა ამ აღვირახსნილი კამპანიის სახით, რომელსაც “ქართული ოცნება” აწარმოებს და რომელიც მონურ სერვილიზმს და სრულ მორჩილებას უცხადებს ოლიგარქს.
ამავე დროს, “ქართული ოცნების” ხსენებული კამპანია სრულიად აშკარას ხდის იმ გარემოებას, რომ ეს ანაქრონისტული, ანტიდემოკრატიული, ანტიქართული და ანტიევროპული ხელისუფლება არ აპირებს არც სასამართლოს რეფორმირებას, არც პოლიტიკური დევნის, არც მედია ტერორის შეწყვეტას და არც დეოლიგარქიზაციას, შესაბამისად, ის არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას და ანადგურებს საქართველოს ეროვნულ პერსპექტივას”, – თქვა წიკლაურმა. ენმ აცხადებს, რომ ამ გადამწყვეტ დროს ერთადერთი ადამიანი არსებობს, რომელიც ქართველობს ევროპულ კარს უხურავს და ეს კაცი ბიძინა ივანიშვილია.