„რიგგარეშე სამუშაო სხდომაზე არავითარი სამუშაო პროცესი არ წარიმართება, ეს იქნება საცირკო წარმოდგენა. ჩვენ კი, მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი აპირებს, სამუშაო ისე წარმართოს, რომ ქვეყნის მოსახლეობამ საკუთარ თავზე იგრძნოს ინკლუზიურად განვითარება.
„რიგგარეშე სხდომის აუცილებლობა და წინაპირობა არ არის. რა უნდა იყოს რიგგარეშე სხდომაზე. დღეს როცა მთავარი სასიცოცხლო ამოცანა გვაქვს რეკომენდაციების შესრულება, ამ პროცესში ჩართულობა და პროცესს უნდობლობას, ბოიკოტს უცხადებ და ამბობ, რომ მასში არ ჩაერთვები, ჩემთვის წარმოუდგენელია, რა უნდა გააკეთონ, გარდა იმისა, რომ უფასო საცირკო წარმოდგენა შესთავაზონ მოსახლეობას“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
„სტრატეგია აღმაშენებელში“ ამბობენ, რომ პარლამენტში ხელმოწერებს შეაგროვებენ, რათა რიგგარეშე პლენარული სხდომა მოიწვიონ.
პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს. რადიკალური ოპოზიცია კი, ევროპას ისევ ბოიკოტს უცხადებს. „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში არ ერთვებიან, თუმცა ვერც ალტერნატიულ გეგმაზე ჩამოყალიბდნენ.