პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს პასუხობს და აცხადებს, რომ ის ევროკავშირის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რადგან პოლარიზაციას აქეზებს. მისივე განცხადებით, ის “რადიკალურ ოპოზიციას” “რადიკალური დღის წესრიგის” განცხორციელებაში ხელს უწყობს.
“მე გუშინაც განვაცხადე, ყველა ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას, მათ შორის ასეთი განცხადებებით და ეს არის სწორედ რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა. მე გუშინაც და დღესაც ამ ციტატიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებს, რომ ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას მისი რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და ნუ იქნებიან თავად პოლარიზაციის წამქეზებლები, ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება მათ შორის ევროკავშირის სულისკვეთებას. ასე რომ, ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, კონკრეტულად ეს დეპუტატი, თავადვე ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებას აქეზებს რა პოლარიზაციას საქართველოში და მათ შორის ამ კუთხით შეურაცხყოფს საქართველოს დემოკრატიას”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.