“სამარცხვინოა… მათი სიტყვების დამარცვლა საქართველოში არავის სჭირდება” – ასე გამოეხმაურა “იმედის” ეთერში ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას.
იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში “ქართულ ოცნებას” ტერმინი დეოლიგარქიზაციის განმარტება დაუმარცვლა და თქვა, რომ ის დეივანიშვილიზაციას ნიშნავს.
კობახიძემ ევროპარლამენტარის განცხადებას სამარცხვინო უწოდა და თქვა, რომ ის უსაფუძვლოა.
“ქალბატონი რასას განცხადება იყო უბრალოდ სამარცხვინო ეს ერთი, მეორე, არავითარი საფუძველი ამ განცხადებას არ აქვს და იმეორებს პრაქტიკულად იმას, რაც ჩაიწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. აქ სიტყვების დამარცვლა კი არ არის საჭირო, საჭიროა ფაქტების მოყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება ქვეყანა, არავითარი ფაქტები, არავითარი არგუმენტები – არის უბრალოდ დამარცვლული სიტყვები და მათი სიტყვების დამარცვლა, მერწმუნეთ, საქართველოში არავის სჭირდება. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ყველაფერს”, – თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, სწორედ დეოლიგარქიზაციაა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იმ 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის უნდა შეასრულოს, თუმცა “ქართული ოცნება” ოლიგარქად თვლის ყველას, გარდა ივანიშვილისა. მაგალითად, ისინი ოლიგარქებს უწოდებენ მიხეილ სააკაშვილს, გიული ალასანიას, დავით კეზერაშვილს, მამუკა ხაზარაძეს.