საქართველოში გასატარებელ რეფორმებზე ნატო-ს გენერალური მდივანიც საუბრობს. როგორც იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველომ ფოკუსირება სწორედ რეფორმებზე უნდა მოახდინოს იმისათვის, რომ ქვეყანამ ალიანსში ინტეგრაცია შეძლოს.
ამასთან, სტოლტენბერგი განმარტავს, რომ ახალ წევრთან დაკავშირებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება ნატო-ს ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს, ასეთი ნაბიჯის გადადგმა კი ჯერჯერობით არ იგეგმება.
“არის სამი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს წევრობისკენ ისწრაფვის, ესაა უკრაინა, საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა. საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში. ჩვენს შესახებ იცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალ წევრთან დაკავშირებით მოითხოვს ერთიან მხარდაჭერას. ყველა წევრის თანხმობაა საჭირო და ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება ნატო-ში, რომ ახლა გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი და გვქონდეს სამოქმედო გეგმა. ფოკუსირება განახორციელეთ რეფორმებზე და იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც ჩვენ შევძლებთ ერთი ნაბიჯით წინ წასვლას”, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.