პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“შევარდნაძის დროს სასაცილოდ არ გვყოფნიდა და სადღაც გვახალისებდა კიდეც ძველ ნომენკლატურაში გავრცელებული წარმოდგენები ვერაგ დასავლეთზე, რუსული შავრაზმული ლიტერატურიდან გადმოკოპირებული შეთქმულების თეორიებით მასონებზე, ილუმინატებსა თუ ხაზარებზე და აქედან გამომდინარე დამოკიდებულებით არასამთავრობო სექტორის, სოროსის ფონდის თუ მსოფლიო ბანკის მიმართ, მაგრამ იმ ძველებს იმდენი ჭკუა და პოლიტიკური წინდახედულობა ჰყოფნიდათ, რომ ეს ყველაფერი საჯაროდ ტრიბუნიდან არ ებრეხვებინათ.
აბა მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ოცდამეერთე საუკუნის მეორე დეკადას გავცდებოდით და მსგავს ბოდვებს პირდაპირ მმართველი პარტიის ლიდერთა ბრიფინგებიდან მოვისმენდი, მათ მიერ დაქირავებულ ორშაურა ექსპერტებზე, რომ არაფერი ვთქვა.
ვიტალი ხაზარაძე გვყავდა, ასეთი კოლორიტული დეპუტატი, პარლამენტის სესიას ბოლომდე აღმასკომის სხდომას ეძახდა, მაგრამ ამათთან შედარებით ჩერჩილი, სპინოზა და ტალეირანი იყო ერთდროულად”, – წერს ზურაბიშვილი.