პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი ნივთები ოჯახს გამოძიების შეწყვეტიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ დაუბრუნეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ, ოჯახს სრულად გადასცა სპეცოპერაციის დღეს ამოღებული ნივთები.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მისი შვილის ტელეფონში, Facebook ამოშლილია და ანგარიში არ არსებობს.
მისი ფოტოები, მისი ცხოვრება, თითოეული ცხოვრება ტელეფონში ინახება და აქ ასევე მისი ცხოვრება ინახება, მე მართალი გითხრათ, არ მყოფნის იმის ძალა შევიდე და მის ფოტოები დავათვალიერო – ამბობს სპეცრაზმის მიერ მოკლული ახალგაზრდის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი
ადვოკატის თქმით, ფულისა და ნივთების დაბრუნება არის აღიარება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს, ახმედ ჩატაევთან კავშირი არ ჰქონია:
“ოჯახიდან ამოღებული ნივთებისა და ფულადი თანხის დაბრუნებაზე, უარის თქმის გადაწყვეტილების მოტივად სუს-ის გენერალური პროკურატურა უთითებდა გარემოებას, რომ უნდა დაედგინათ, მათ შორის თანხის წარმომავლობა და მათ შორის შესაძლო კავშირი აჰმედ ჩაეტაევთან და მის დაჯგუფებასთან, აღნიშნული ფულადი თანხისა და ნივთების დაბრუნება რის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და აღიარება იმის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს და ამ ფულად თანხას კავშირი ჩატაევთან არ ჰქონია არასდროს”, – ამბობს ადვოკატი ქეთი ქუთლაშვილი
შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სამართალდამცავის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა. ის 10 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა.