პრეზიდენტის აღნიშნული ნაბიჯი კარგია და ოპოზიციის პოზიციაა, რომ უნდა იმუშაონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა
„ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა რიგგარეშე სესია მოიწვია. „ნაციონალური მოძრაობის” და მთელი ოპოზიციის პოზიცია არის ერთი, ძალიან მარტივი რამ – უნდა ვიმუშაოთ. ჩამოდით კომოს ტბიდან, ვიღაც შეიძლება პალიასტომზეც არის (მაგრამ პალიასტომზე არ დადიან), ტბები უყვართ. პარლამენტში ვიღაც ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა: “სხდომა როგორ უნდა მოვიწვიოთ, როცა „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები უცხოეთში არიან”. ჩვენ აქ ვართ, მოვიდნენ, ჩამოხსნან ურდული პარლამენტის კარებს და დავიწყოთ მუშაობა. ამ სულისკვეთებას მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა და მხარს უჭერს მთელი ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
კითხვაზე, მივა თუ არა ორშაბათს „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში, გოცირიძე ამბობს „რა თქმა უნდა” და „ ფაქტია, ჩვენ და მთელი ოპოზიცია დარაზმული ვართ”.
„რატომ მიიღეს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები? აკვირდებოდნენ, როგორ დალაგდებოდა კარტები მომავალი არჩევნები დროს – დაბალი ბარიერით უფრო მეტი მათი მომხრე იქნებოდა რომელთანაც კოალიციას შეკრავდნენ, თუ ოპოზიცია მეტს მიიღებდა? დაინახეს, განსაკუთრებით ქუჩის 160 ათასიანი აქციის შემდეგ, რომ ხელისუფლებას კარგავენ. ამ საარჩევნო კანონის პირობებში, არსებულითაც დაკარგავენ, მაგრამ რეალურად, იქმნება ახალი კოალიციური ხელისუფლება. ამიტომ გააჩერეს საკონსტიტუციო ცვლილებები, თაროზე შემოდეს. ახლა ვეუბნებით – ჩამოიღეთ თაროდან”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ორი არჩევანი აქვს – გამოაცხადოს ბოიკოტი, ან უბრალოდ მონაწილეობა არ მიიღოს პარლამენტის სხდომის გახსნაში.
„უმრავლესობას ორი არჩევანი აქვს – გამოაცხადოს ბოიკოტი, ეს იქნება სამართლებრივი გზა. კონსტიტუციაშიც არაა, რომ უმრავლესობამ გამოაცხადოს ერთწლიანი ბოიკოტი, ეს ნიშნავს პარლამენტის პარალიზებას და არაფორმალური მმართველობის ქვეშ დიქტატურის დამყარება. მეორე გზაა, არ მოვიდნენ, არ გამოცხადდნენ, მონაწილეობა არ მიიღონ სხდომის გახსნაში. ეს არის მეკობრეობა. თავდასხმა საპარლამენტო ინსტიტუტზე. ჩვენ, როდესაც პარლამენტში არ დავდიოდით, გამოცხადებული გვქონდა ბოიკოტი, ვემორჩილებოდით კონსტიტუციას. ვნახოთ, როგორ მოიქცევიან”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
კითხვაზე, რა არის საკონსტიტუციო ცვლილების მიღების პროცესში ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმი, გოცირიძე ამბობს, რომ „ივანიშვილის დასანქცირება”.
„ტრიო ხომ გამოეყო [„ქართულ ოცნებას”], ტრიოს წინ უძღოდა ივანიშვილის გამოსვლა, სცენაზე გამოვიდა, ოღონდ კულისებში იყო და თავისი ადვოკატი სამჯერ ამღერა – სამი წერილი გამოაცხო ადვოკატის ენით. ამის განმარტება როგორ იყო პარტიის ლიდერების მიერ? – ივანიშვილს ეუბნებიან, რომ ომი დაიწყეო. მაგრამ ივანიშვილი როგორ დაიწყებს ომს, ის ხომ არაა მმართველი. ზის სადღაც ბუჩქებში თუ ჭორვილაში. მაშინ, თუ ივანიშვილს აქვს ძალა, რომ ომი დაიწყოს, ე.ი. არაფორმალური მმართველი ყოფილა. მაგრამ ნურას უკაცრავად, ამ ვირეშმაკებმა რა მოიფიქრეს – მათ უნდათ, რომ ივანიშვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში, გახდეს პრემიერ-მინისტრი, გახსნას მეორე ფრონტი და ამის მერე 500 მლნ-საც დაუბრუნებს შვეიცარიის ბანკი, ნახატების გამოტანაშიც პრობლემა არ ექნება და არც გადარიცხვებში. ეს იყო ადვოკატების წერილის განმარტება, ოღონდ ომის წამქეზებლად ღიად ვერ ბედავდნენ ამერიკის, ევროპისა და ჩვენი პარტნიორების დასახელებას. ამას მოჰყვა ტრიოს წერილი, შემდეგ ვიღაცები შეუერთდნენ, შემდეგ იყო პრემიერის სამარცხვინო წერილი, ხელისუფლების მესამე შტო იყო დარჩენილი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმაც გამოაცხო ასეთივე წერილი. დამნაშავეა ეს კაცი”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.