სპეცოპერაციის შედეგად, სოსო გოგაშვილი დააკავეს, მისი შვილის ბინა კი გაჩხრიკეს

სპეცოპერაციის შედეგად, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი დააკავეს. ამის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გოგაშვილის დაკავების შემდეგ, პოლიციამ გონიოში მდებარე ბინა გაჩხრიკა, რომელიც მისი მეუღლის, თეა მარტყოფლიშვილის საკუთრებაშია.

ჩხრეკისას დროს ბინაში დაკავებულის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. ფაქტის ამსახველი კადრები ნინო გოგაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა.

სუს-ის წარმომადგენელმა, რომელიც ჩხრეკას ატარებდა, განმარტა, რომ უნდა ამოეღოთ ელექტრონული მოწყობილობები, როგორიცაა კომპიუტერი, ნოუთბუქი, მეხსიერების ბარათი და სხვა.

მან ჩხრეკის დაწყებამდე გოგაშვილის შვილს ჰკითხა, იყო თუ არა ბინაში რაიმე ასეთი მოწყობილობა, რომელიც მის მამას ეკუთვნოდა, რაზეც ნინო გოგაშვილმა უპასუხა, რომ ასეთი ნივთები ბინაში არ იყო.

ჩხრეკის დასრულების შემდეგ, პოლიციამ Wi-Fi როუტერი და ნინო გოგაშვილის პირადი ნოუთბუქი წაიღო.

“ვერ ვხვდები, ჩემი ლეპტოპი რატომ მიაქვთ. არ ვცხოვრობ ჩემი ოჯახის წევრებთან, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, სრულწლოვანი, ცალკე ვცხოვრობ”, – ამბობს ვიდეოში ნინო გოგაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share