CNN-ის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული მასალების და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის ინფორმაციით, გასულ თვეში რუსეთის დელეგაცია, სულ მცირე, ორჯერ ჩავიდა ირანში საბრძოლო დრონების გამოსაკვლევად.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა CNN-ს უთხრეს, რომ ივნისში ირანელებმა რუსეთის წარმომადგენლებს თეირანში, შაჰედ-191 და შაჰედ-129-ის უპილოტო საფრენი აპარატები აჩვენეს.
“გვაქვს ინფორმაცია, რომ ირანის მთავრობა ემზადება, რუსეთს მიაწოდოს რამდენი ასეული უპილიტო საფრენი აპარატი”. – ნათქვამია ჯეკ სალივანის მიერ CNN-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში.
სალივანმა მედიას ასევე მიაწოდა დაზევრვის მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებზეც სწორედ ირანული იარაღის რუსეთის სამთავრობო დელეგაციისთვის ჩვენება არის ასახული.
სალივანის თქმით, მსგავსი შეხვედრა და ჩვენება გაიმართა 5 ივლისსაც.
CNN წერს, რომ ეს ინფორმაცია მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაასრულა თავისი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც დისკუსიის მთავარი საკითხი, აშშ-სთან, ისრაელთან, საუდის არაბეთთან და გალფის ქვეყნებთან ერთად, ირანი იყო.
აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა CNN-ს უთხრა, რომ ირანსა და რუსეთს შორის მზარდი თანამშრომლობა ტიპიური მაგალითია იმისა, თუ რაში სჭირდება აშშ-ს თავისი ყოფნისა და გავლენის გაძლიერება ახლო აღმოსავლეთში.
თავის მხრივ, ჯო ბაიდენი გაძლიერებულ ზეწოლას განიცდის ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეების მხრიდან ირანის შეზღუდვის კუთხით, რადგან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღსრულების იმედი გაქრა გასულ თვეში დოჰაში შეჩერებული მოლაპარაკებების შემდეგ.
თეთრი სახლის წარმომადგენლებმა მიმდინარე კვირის დასაწყისში, აშშ-ის დაზვერვის უახლეს ინფორმაციაზე დაყრდნობით თქვეს, რომ ირანი გეგმავს რუსეთის მომარაგებას ასობით დრონით, მათი უკრაინაში გამოყენების მიზნით. ირანი ასევე აპირებს რუსი ჯარისკაცების გაწვრთნას და მათთვის დრონების მოხმარების სწავლებას.
თუმცა, აშშ-სთვის უცნობია, რამდენად ეფექტური ან დახვეწილი იქნება ეს დრონები.
ირანამდე რუსეთმა ანალოგიური თხოვნით ჩინეთს მიმართა. თუმცა, აშშ-ს არ აქვს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ჩინეთმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ რამე ფორმით გაუწია სამხედრო ან ეკონომიკური დახმარება